ურთიერთგაგების მემორანდუმი რუსული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და სასუქების ექსპორტზე, რომელსაც რუსეთმა და გაერომ დღეს სტამბულში მოაწერეს ხელი, ძალაში სამი წლის განმავლობაში იქნება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
მისი თქმით, დოკუმენტის მიზანია რუსული მარცვლეულისა და სასუქების ექსპორტისთვის ფინანსური და ლოგისტიკური დაბრკოლებების მოხსნა.
როგორც რუსი მინისტრი ამბობს, სასიხარულოა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა „სურსათის შეთანხმების გაფორმებისთვის ხელის შეშლა შეწყვიტეს“, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი სტამბულში.
„საბოლოოდ შესაძლებელი გახდა – სწორედ რუსული დელეგაციის ძალისხმევით – შენარჩუნებულიყო „პაკეტური“ შეთანხმების ყოვლისმომცველი, დეპოლიტიზებული ხასიათი, რითაც უზრუნველყოფილი იქნება განვითარებადი ქვეყნებისკენ, სურსათის იმპორტიორებისკენ მაქსიმალური მოძრაობა”, – თქვა ლავროვმა.
ამასთან ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ „რუსეთი ერთგულად შეასრულებს ამ სფეროში თავის ვალდებულებებს“, უზრუნველყოფს სასურსათო უსაფრხოებას.
დღეს სტამბულში უკრაინის, თურქეთის, რუსეთისა და გაეროს წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის დერეფნის შესახებ. თუმცა, „უკრაინის პორტებიდან მარცვლეულისა და სურსათის უსაფრთხო ტრანსპორტირების ინიციატივას“ უკრაინულმა მხარემ მხოლოდ თურქეთთან და გაეროსთან მოაწერა ხელი.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, პორტები „ოდესა“, „ჩერნომორსკი“ და „იუჟნი“ მთლიანად იყო და რჩება უკრაინის კონტროლქვეშ. ამ პორტებში სხვა გემების ყოფნა, გარდა იმ ხომალდებისა, რომლებმაც მარცვლეულის, საკვებისა და სასუქების ექსპორტი უნდა უზრუნველყონ, გათვალისწინებული არ არის.