ყაჩაღური თავდასხმა ვარშავის ცენტრში, რომლისთვისაც, სავარაუდოდ, 4 ქართველს ეძებენ – გატაცებულია ბანკის კუთვნილი ნახევარი მილიონი ზლოტი.
“რუსთავი 2” ავრცელებს ინფორმაციას ვარშავის ცენტრში ყაჩაღური თავდასხმის შესახებ, რომელშიც, სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქეები ფიგურირებენ – გატაცებულია ბანკის კუთვნილი ნახევარი მილიონი ზლოტი. პოლონეთის პოლიცია 4 ქართველ მამაკაცს ეძებს, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან ისე მიიმალნენ, რომ მათ კვალს ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს. ყაჩაღური თავდასხმის დროს დამნაშავეები ნიღბებით იყვნენ, თავდასხმის შემდეგ კი ყაჩაღებმა ავტომობილი შეიცვალეს.
არსებობს ეჭვი, რომ დაჯგუფება ბანკის საინკასაციო მანქანას რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებდა და თანხის გატაცების ყველა დეტალი წინასწარ ჰქონდა გათვლილი. ჯგუფის წევრებმა დაჭრეს დაცვის თანამშრომელი და ფულით სავსე ჩანთა დღისით, თვითმხილველების თანდასწრებით გაიტაცეს.
ვარშავაში საინკასაციო მანქანას ოთხი შეიარაღებული ნიღბიანი მაშინ დაესხა თავს, როცა დაცვას ბანკიდან სპეციალური ჩანთით დიდი ოდენობით თანხა გამოჰქონდა.
პოლონურ მედიაში გასაჯაროვდა მოწმის ჩვენებაც, რომელიც ფაქტის უშუალო თვითმხილველია. მისი გადმოცემით, 4 მამაკაცი დაცვას ჯერ დანით დაესხა თავს, წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, ფულით სავსე ჩანთა გაიტაცეს და “ფოლცვაგენის” მარკის ავტომობილით მიიმალნენ.
დანაშაულის ადგილიდან დაახლოებით 1 კილომეტრში თავდამსხმელებს სავარაუდოდ სხვა ავტომობილი ელოდებოდათ. ცნობილია ისიც, რომ თავდასხმის დროს დაცვის თანამშრომელმა იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ერთ-ერთი თავდამსხმელი დაიჭრა. პოლიციამ უკვე გააფრთხილა სამედიცინო დაწესებულებები, რომ საეჭვო პაციენტის გამოჩენისთანავე სამართალდამცველ ორგანოებს აცნობონ.
წყარო: newposts.ge