ხალხს აღიზიანებენ ყოველდღიურად, თითქოს განგებ, მოთმინებიდან გამოსაყვანად: გომელაურის საყოყოჩო ქცევა მიღებულია დაბალი შეგნების საზოგადოებისთვის!

ევროკავშირში შესვლის თემა კვლავ აქტუალურია და, როგორც ჩანს, ასე დარჩება წლის ბოლომდე. რა იქნება შემდეგ? — იკითხავთ. ახალი თემები გაჩნდება, რომლებიც გადაფარავენ ძველს. ცხოვრება კი გაგრძელდება ისე, როგორც ევროკავშირის თემის გააქტიურებამდე იყო, ანუ ევროკავშირში და ნატოში შესვლა ქართველი ხალხის “მტკიცე არჩევანია”. შეესაბამება თუ არა ეს სინამდვილეს, არავინ კითხულობს — არც ხელისუფლება, არც ოპოზიცია და არც ხალხი, ვისაც ოპოზიცია-ხელისუფლება აბრალებს აღნიშნულ ორგანიზაციებში შესვლისთვის მტკიცე გადაწყვეტილების მიღებას.

სტატიის თავში „ევროკავშირში შესვლა“ ვახსენე არა შესვლის პროცედურის უგულებელყოფის გამო, არამედ საზოგადოების, ამ საკითხში სრული გაუთვითცნობიერებლობის გამო, რაც თვალნათლივ ჩანს ოპოზიციის მიერ აგორებულ აჟიოტაჟში.

ოპოზიციას — ხელისუფლებაში მოსვლის მსურველს, ევროკავშირში გაწევრების თემა, ხელისუფლებისკენ მიმავალ ერთადერთ გზად აქვს მიჩნეული და ენერგიას არ დაზოგავს ხელისუფლებამდე გასავლელი მანძილის დასაფარად. თუ რამდენად შეძლებს ის ამ ამოცანის შესრულებას, მის მარიფათზეა დამოკიდებული.

სიტყვა „მარიფათი“ შემთხვევით არ გამომიყენებია — ის სრულიად შეეფერება კოლექტიური ოპოზიციის საქციელს, სადაც უხვადაა სიცრუე, ხელისუფლების დადანაშაულება, ლანძღვა-გინება, საზოგადოების მოტყუება და სხვა ნეგატიური თვისება — საოცრად შესისხლხორცებული თანამედროვე ქართულ პოლიტიკასთან.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლებას არ სურს საქართველოს შესვლა ევროკავშირში და ამას ის ხალხს ეუბნება. რა დევს ამ განცხადებაში? მარტივი რამ — ხელისუფლების ჩამოგდება. როგორ, რა გზით? — იკითხავთ. ხალხის მოტყუებით.

კარგად, დამაჯერებლად რომ მოტყუვდეს ხალხი, მას იმაზე უნდა ესაუბრო, მტიკვნეული რომ ჰქვია. მტკივნეული კი მძიმე სოციალური პირობებია. მაგალითად, გაჭენებული ინფლაცია, ფასების ყოველდღიური მატება პირველადი მოთხოვნილების საქონელზე, კვების პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, საყოფაცხოვრებო მომსახურებაზე, ტრანსპორტზე, საწვავზე, კომუნალურ გადასახადებზე, ყოველივე იმაზე, რაც ადამიანის არსებობისთვის აუცილებელია.

ოპოზიცია ეუბნება ხალხს, რომ ჩამოთვლილი პრობლემები და ჩამოუთვლელიც, ევროკავშირში შესულს აღარ ექნება. რაც ექნება — უფასო სამედიცინო მომსახურებაა, უფასო განათლება, მაღალი პენსიები და ხელფასებია, იაფი, ხარისხიანი კვების პროდუქტები და სხვა მრავალი — ედემის ბაღის სადარი პირობები. და ყველაფერ ამას წინ ეღობება ხელისუფლება, ვინაიდან ის რუსეთუმეა, რუსეთის ინტერესების გამტარებელი. რუსეთს არ უნდა საქართველოს ევროკავშირში შესვლა და ამიტომაც საქართველოს ხელისუფლება არ ცდილობს ჯეროვნად გაისარჯოს ქართველთა ოცნების შესასრულებლად.

ასეთი ხელისუფლების ქვეყნის სათავეში ყოფნა დაუშვებელია. ის უნდა გაისტუმროს ქართველმა ხალხმა პოლიტიკურ სანაგვეზე. ხოლო მის ნაცვლად მხარი უნდა დაუჭიროს ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლას.

აი, ამას ჩასჩიჩინებს ოპოზიცია ხალხს. ოპოზიცია მოითხოვს ევროკავშირის მიერ ჩამოწერილი 12 საკითხის დროულ განხილვას, კითხვებზე პასუხის უსწრაფეს გაცემას — კანონების მიღებით და დათქმულ ვადაში, ანუ წლის ბოლომდე ბრიუსელისთვის წარდგენას.

მერედა, რა იქნებაო? — იკითხავთ. უკეთეს შემთხვევაში ევროკავშირში შესვლა კი არა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რაც ევროკავშირისგან, საქართველოსთვის, არავითარი „სიკეთეების“ გაღებას არ გულისხმობს — ზემოთ რომ ჩამოვთვალე. ის სიკეთეები მხოლოდ წევრობის შემთხვევაში გამოიყენება და ისიც უცნობია რა დოზით ან იქნება თუ არა?!

დღევანდელ ევროკავშირს უჭირს და არათუ კანდიდატს, წევრსაც კი ვერავითარ დახმარებას ვერ გაუწევს შექმნილი საერთო ეკონომიკური კრიზისის გამო. ეკონომიკური კრიზისი კი თვით ევროკავშირმა და მისმა მბრძანებელმა — აშშ-ა შექმნეს, რუსეთისთვის სანქციების დაწესებით.

ეკონომიკური სანქციების დაწესება ომისშემდგომ მსოფლიოში უცხო არ არის. მსოფლიოს ჰეგემონი ისე არიგებს ამ სანქციებს, როგორც ფუნთუშებს უკრაინის მაიდნის რევოლუციის დროს.

მრავალი ურჩი ქვეყანაა ეკონომიკური სანქციების უღელქვეშ, მათ შორის რუსეთიც — სანქციების არნახული რაოდენობით. მკითხველისთვის ცნობილია, რომ ამ სანქციების უმეტესობა რუსეთმა უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ მიიღო.

უსანქციოდ არ დარჩა არც ერთი დარგი, რამაც სერიოზულად იმოქმედა რუსეთის ეკონომიკაზე, მაგრამ გაცილებით სერიოზულად ამერიკა-ევროპაზე. მძიმე შედეგი მოიტანა რუსული ენერგომატარებლების — გაზის, ნავთობის, ქვანახშირის ევროკავშირ—აშშ-ი ექსპორტის უკიდურესმა შემცირებამ. და არა მარტო ებერგომატარებლების, არამედ მარცვლეულის, მათ შორის ხორბლის, მინერალური სასუქების, კვების პროდუქტების, სხვა საქონლის.

ევროატლანტიკურ სივრცეში შეტანაზე ემბარგოს დაწესებამ შეათხელა ევროპა-ამერიკის სუპერმარკეტების დახლები. ბენზინგასამართ სადგურებზე კატასტროფულად გაზარდა ფასები, გააჩინა დეფიციტი კვების პროდუქტებზე. უგაზობამ შეაფერხა საწარმოების მუშაობა. ზოგმა შეწყვიტა წარმოება. გაიზარდა უმუშევრობა და მასთან ერთად ხალხის უკმაყოფილება ხელისუფალთა მუშაობით. თავის გასამართლებლად აშშ-ს პრეზიდენტი, ევროპელი ლიდერები რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ადანაშაულებენ. მან შექმნაო მსოფლიო კრიზისი — არადა სინამდვილეში კოლექტიურმა დასავლეთმა, თავისი უცოდინრობით, ქედმაღლობით, სხვისი ექსპლუატაციით საკუთარი მოგების სურვილით და სხვა მრავალით, რითაც ცნობილია კაპიტალიზმი.

მსოფლიო იმპერიალიზმი სერიოზულ, მომაკვდინებელ კრიზისშია, საიდანაც გამოსვლა გაუჭირდება. მსოფლიო ახალი გარდაქმნის წინაშეა და როგორ გაართმევს თავს, ძნელი სავარაუდოა.

მსოფლიო კრიზისი ყველაზე მოქმედებს, მათ შორის საქართველოზეც და ჩემს მიერ ზემოჩამოთვლილი პრობლემების ნაწილი ამ კრიზისს უკავშირდება. მხოლოდ ნაწილი და ალბათ გამჭრიახი, პატიოსანი ხელისუფლების პირობებში არც ამას ექნებოდა ადგილი.

სამწუხაროდ, ხელისუფლება დაბალი პროფესიონალიზმის მატარებელი მოხელეებითაა დაკომპლექტებული, რომელთათვის აშკარად გაუგებარია მსოფლიო პოლიტიკასა და ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები.

თუმცა არც ესაა გასაკვირი, ვინაიდან დროა ისეთი, გამჭრიახი გონების პოლიტიკოსისა და ეკონომისტის, მითუმეტეს საფინანსო დარგის სპეციალისტის არსებობა რომ მიუღებელია.

მსოფლიო პოლიტიკა ხელში ჩაიგდო მეტიჩარა, მოლაქლაქე, უცოდინარმა მასამ, ვითომ პოლიტიკოსებმა, რომელთა ნაღვაწმა მიიყვანა ამერიკა-ევროპა დღევანდელ კრიზისამდე.

საქართველოს ხელისუფალთ არავინ თხოვს შეუძლებლის, შეძლებას, გაუკეთებლის, გაკეთებას. მას უბრალოდ სთხოვენ იმას, რისი გაკეთება შეუძლია და არ აკეთებს. მას სთხოვენ იმას, რომ ხალხს ისედაც გაძაღლებული ცხოვრება არ დაუმძიმოს — საკუთარი ღორმუცელობით. მას იმას სთხოვენ, რომ საქვეყნოდ არ გააკეთოს ისეთი რამ, მოთმინებიდან რომ გამოიყვანს სახელმწიფო მოხელის მიერ საეჭვო გზით მოპოვებული ფულისა და სიმდიდრის დემონსტრირება.

ამის უამრავ მაგალითს ვაწყდებით ყოველდღიურად, რაც სიღარიბეში, თანაც უკიდურესში მყოფი მოსახლეობის 90%-ს აძულებს ხელისუფლებას. ანდა როგორ არ უნდა გძულდეს შს მინისტრი გომელაური, რომელიც მცხეთაში 700-კაციან ქორწილს უხდის შვილს — კერძებით დახუნძლული სუფრით, ტორტის გორებით, ხელისუფალთა, მათ შორის პრემიერ-მინისტრის სტუმრობით, დაქირავებული მომღერლებით და სხვა მრავლით… გომელაურის საყოყოჩო ქცევა, სამწუხაროდ, მიღებულია დაბალი პოლიტიკური და სამოქალაქო შეგნების საზოგადოებისთვის.

მინისტრის წლიური ხელფასით რომ ასეთ წვეულებას ვერ მოაწყობ, ფაქტია. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ მინისტრისთვის რეალობაა — აშკარად გამომწვევი, საზარელი.

საქართველოში მოსახლეობა შიმშილობს და ამ დროს, მინისტრი, თითო დაპატიჟებულზე, საშუალოდ 200 ლარს ხარჯავს, რაც 700 სტუმარზე გაანგარიშებით ზემსუყე თანხაა.

საიდან ფული?! აი, ეს კითხვა უნდა დაესვა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს და არა ხმამაღალი სადღეგრძელოები!

ეს კითხვა უნდა გასჩენოდა ყველა მინისტრს, პარლამენტარს, ქორწილზე დამსწრეს, მაგრამ არ გაუჩნდათ! – ხალხს გაუჩნდა! იმას, ვისგანაც ხელისუფლება თანადგომას ითხოვს, მაგრამ ხმას არ იღებს — ჯერ-ჯერობით.

ოპოზიციამ, რომ ამოაღებინოს, რა იქნება? ისევ არეულობა? ისევ მასობრივი დაპირისპირება, რაც არაერთხელ ვნახეთ განვლილი 30 წლის მანძილზე?!

ხალხს აღიზიანებენ ყოველდღიურად, თითქოს განგებ, მოთმინებიდან გამოსაყვანად. სხვას ვერაფერს იტყვი თბილისის მერის კალაძის ოინებზე — ავტომანქანის სავალზე ბაღების გაშენებაზე, ავტოსავალი გზის შევიწროებაზე, ველობილიკების გაკეთებაზე, ავტობუსის სავალი გზის ყვითელი ხაზით გამოყოფაზე, ფასიანი ავტოსადგომების გაკეთებაზე, თითქმის ყველა ქუჩაზე და სხვა მრავალზე, მოძრაობის წესების დარღვევაზე ასტრონომიული ჯარიმების დაწესებაზე.

ჯარიმა იმისთვის არის შემოღებული, რომ მძღოლს ასწავლოს მომავალში შეცდომის არ დაშვება და არა იმისთვის, რომ მძიმედ დასაჯოს.

ჯარიმა, ფულის შოვნისთვის, ანუ ისედაც გაძვალტყავებული მძღოლების ჯიბიდან ფულის მოძალადეობრივი გზით ამოღებისთვის არის გამოგონილი. ისეა დახაზული თბილისის ქუჩები, შეუძლებელია შეცდომა არ დაუშვა. დაუშვებ და ჩასაფრებული კამერა უმალ შეგატყობინებს ჯარიმის რაოდენობას.

ამ და სხვა მანკიერებამ გამოიწვია ოპოზიციის მიერ მოწყობილ 2 მიტინგზე ათასობით გამწარებული თბილისელის მისვლა და არა ევროკავშირში შესვლის სურვილმა.

ოპოზიციას რომ ისეთივე ქარაფშუტული მიდგომა არ ჰქონდეს ხალხის პრობლემებისადმი, როგორც ხელისუფლებას, ევროკავშირზე კი არ იყვირებდა, სოციალურ პრობლემებზე გაამახვილებდა ყურადღებას, რითაც ხალხის ნდობას მოიპოვებდა, მაგრამ მასაც არ აინტერესებს ხალხი. რაც მას აინტერესებს ისაა, ევროკავშირს უპატაკოს თქვენი დავალება შევასრულე, ხალხი გამოვიყვანე და ხელისუფლებას წყალი შევუყენეო.

ოპოზიცია ვალდებულია დავალება შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში გადაეკეტება ფულის მიღების გზა. საბაბი — ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაა.

ევროკავშირს სურს, რომ ასეთი საქართველო არ იხილოს მის შემადგენლობაში, მაგრამ მიაბას საკუთარ კარს, რათა არ გაიხედოს რუსეთისკენ.

საქართველოს ხელისუფლებასაც აწყობს კართან დგომა, ვინაიდან იცის, რომ იქ მას არ შეუშვებენ. ოპოზიციამ იცის, რომ ასეთი საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატობას და ამ საბაბით ცდილობს ხალხი აამხედროს ხელისუფლების წინააღმდეგ.

რა სურს ბრიუსელს? მისთვის, საქართველოსთვის მიცემული 12 პუნქტი მეორეხარსისხოვანია. მისთვის მთავარი 2 პუნქტია, რომელიც ჩამოთვლილ 12-ში არ შედის.

პირველი — რუსეთისთვის სანქციების დაწესება და მეორე, მეორე ფრონტის გახსნა. თუ მარტო ამ ორს შეასრულებს, საქართველო კანდიდატობას მიიღებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ იმ 12-ს არ შეასრულებს.

12-ის პირნათლად შესრულების შემთხვევაშიც ბრიუსელი შარს მოგვდებს — არასრულყოფილიაო და კანდიდატობას არ მოგვცემს. ასეთ ვითარებაში, როგორც ბრიუსელს, ისე ოფიციალურ თბილისს დროის გაყვანა აწყობს. რასაც ორივე წარმატებით გაართმევს თავს.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი