კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2022 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით 534.61 მლნ ლარით (1.24%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.15%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 43.65 მლრდ ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 452.74 მლნ ლარით (2.06%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 81.87 მლნ ლარით (0.39%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 2.23%-ით).
„რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2022 წლის ივნისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.82 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.74%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13.40 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.77%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.61%-ით მეტი).
მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 51.37 პროცენტი შეადგინა, 2022 წლის პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.41 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.04 პროცენტული პუნქტით),“- ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.