ახალი ნერონების გამო, დასავლეთი ეკონომიკური კატასტროფის ზღვარზეა! – The American Conservative

დასავლეთი ეკონომიკური კატასტროფის ზღვარზეა რუსეთის წინააღმდეგ აშკარად განწირული სანქციების გამო – ამაში ამერიკულ ჟურნალ The American Conservative-ს ეჭვი არ ეპარება.

უფრო მეტიც, გამოცემა მიიჩნევს, რომ კოლექტიური დასავლეთის სათავეში თანამედროვე „ნერონების“ თაიგულია (გამოცემა შეახსენებს: ნერონი რომის იმპერატორია, რომელმაც რომი გადაწვა), რომელიც მზად არის, ევროპა მსხვერპლად გაიღოს. და როგორი უსიამოვნო მოსასმენი არ უნდა იყოს ვინმესთვის, დასავლეთი ვერ მოიგებს რუსეთთან დაპირისპირებას და ვერც კი ახერხებს ამ დაპირისპირების გაგრძელებას. შედეგად, ამ ვითარებას დასავლეთისთვის ძალიან სამწუხარო დასასრული ემუქრება.

„ამ დღეებში, ვენაში, ელექტროენერგიის ერთმა მსხვილმა მიმწოდებელმა გამოაცხადა, რომ გაკოტრების წინაშე დგას ენერგიის ფიუჩერსებზე ზარალის გამო. აგვისტოს ბოლოს კი პრობლემები შეექმნა კიდევ ერთ ევროპულ გაზის მონოპოლიას, გერმანულ გიგანტ Uniper-ს, რომელსაც სასწრაფოდ დასჭირდა სახელმწიფო მხარდაჭერა 4 მილიარდი ევროს ოდენობით, რუსეთიდან გაზის მიწოდების შეფერხების ფონზე. პოლონეთში სახლის მეპატრონეები მთელი დღე რიგში დგანან,  მანქანებში რჩებიან ზამთრისთვის ნახშირის შეძენის იმედით. პოლონელებს ეშინიათ მოახლოებული ზამთრის – შეშაც და ქვანახშირიც ძალიან ძვირია, მათ არ იციან, რა უნდა იღონონ, – წერს The American Conservative (TAC).

ამგვარი ვითარება რომ ანტირუსული სანქციების ბრალია, უკვე ცხადი ხდება რიგითი ევროპელისთვის. როგორც ჩანს, ევროპამ ავტოგოლი გაიტანა, -აღნიშნავს გამოცემა. მაგრამ ევროპელი პოლიტიკოსები რატომღაც უარს ამბობენ ამის დანახვაზე და გაგებაზე – რაც არ უნდა მდიდარნი იყონ ევროპული ქვეყნები, ისინი ზამთარში ვერ გაათბობენ მოსახლეობას ფულის დასტების დაწვის გზით. იმავდროულად, სიცივეების დადგომამდე, მოსახლეობას ასევე აინტერესებს, მართლა მზად არიან თუ არა ევროპული ოჯახები გაყინონ და სიბნელეში დასხდნენ უკრაინის გულისთვის? ამერიკული გამოცემა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კატასტროფა დღეს უფრო მეტად ემუქრება ევროპას, ვიდრე ამერიკას, მაგრამ დროა, ვაშინგტონი დაფიქრდეს იმაზე, რას გააკეთებდნენ ამერიკელები, თუ მათ ასეთი პერსპექტივა თავად დაემუქრებოდათ.

თეთრ სახლს უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით კიდევ ერთი პრობლემა აქვს, -აღნიშნავს გამოცემა. კიევში გაგზავნილმა ჭარბმა სამხედრო დახმარებამ ამოწურა აშშ-ის გარკვეული ტიპის საბრძოლო მასალების მარაგი, მაგრამ პენტაგონი არ ჩქარობს არსენალის შევსებას, რაც ადმინისტრაციის ზოგიერთი ჩინოვნიკის შეშფოთებას იწვევს, რომ ასეთმა დეფიციტმა, შეიძლება, საფრთხე შეუქმნას ამერიკელი სამხედროების საბრძოლო მზადყოფნას.

„შესაძლოა, ამერიკული არსენალის ამოწურვა ღირდეს, თუ გვექნებოდა რუსების დამარცხების შანსი. მაგრამ ჩვენ ეს შანსი არ გვაქვს. რუსეთი დიდი ქვეყანაა და ის დიდ ფულს შოულობს დასავლეთის სანქციებითვე დანგრეულ ბაზარზე გაზისა და ნავთობის გაყიდვის შედეგად. არავითარ შემთხვევაში არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო უკრაინელთა სიმამაცეს, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ მათ უბრალოდ არ აქვთ გამარჯვების რესურსი. უკრაინელები ვერასოდეს დაამარცხებენ რუსეთს, თუნდაც ამერიკული წვრთნებით და შეიარაღებითაც კი. ეს ასეა უბრალოდ იმიტომ, რომ რუსეთის არმიას მათზე ასიმეტრიული უპირატესობა აქვს“,

– ამბობს სტატიის ავტორი როდ დრეერი.

ავტორი საზოგადოებას იმის აღიარებას სთავაზობს, რომ სანქციებმა ვერ დააზარალა რუსეთის ეკონომიკა – პირიქით, თავად ევროპას აქვს პრობლემები და ეს ასევე უნდა იყოს გაგებული და აღიარებული. უფრო მეტიც, პრობლემები სერიოზულია და არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც; დასავლეთ ევროპის არაერთი სახელმწიფოს მთავრობები – დიდი ბრიტანეთის, იტალიის, ბულგარეთისა და ესტონეთის მთავრობები იძულებულნი გახდნენ, გადამდგარიყვნენ ამ პრობლემების სიმძიმის ქვეშ. არადა, ზამთარი ჯერ კიდევ შედარებით შორსაა.

და კიდევ ერთი სიურპრიზი: მოულოდნელად გაირკვა, რომ მთელმა მსოფლიომ არ დაუჭირა მხარი ვაშინგტონს, დღეს უკვე აშკარაა, რომ მსოფლიოს უმეტესი ნაწილი არ არის აშშ-სა და ევროკავშირის მხარეს: ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, აფრიკა, არაბული სამყარო. მათგან არავის არ სურს უკრაინის კონფლიქტის დეტალებში ჩაღრმავება და მით უმეტეს, მასში მონაწილეობა, მათ აქვთ საკუთარი პრობლემები, რომელთანაც აგვარებენ. და ეს ნიშნავს, რომ დასრულდა დასავლეთის ბატონობა, რომელსაც მანამდე შეეძლო სხვადასხვა საშუალებების გამოყენება „მსოფლიო ერთიანობის“ შესაქმნელად რომელიმე „არასწორი“ ქვეყნის წინააღმდეგ.

დღეს ყველაფერი შეიცვალა, ევროპელები აღარ ენდობიან თავიანთ მთავრობებს და მხოლოდ საკუთარ თავს ეყრდნობიან, ამერიკელები კი ცდილობენ, ეს ყველაფერი ჯერ არ შეიმჩნიონ, რადგან ევროპის მკვლელ ენერგეტიკულ კრიზისს ისინი ჯერ არ შეჯახებიან.

თუმცა დრეერი დარწმუნებულია, რომ ამერიკაში ამ დროისთვის არსებული სიმშვიდე მალე დასრულდება და ეკონომიკური კრიზისი ოკეანეს გადაკვეთს.

”ასე რომ: რაც არ უნდა უსიამოვნო იყოს ამის თქმა, მაგრამ საკუთარი თავისთვის დიდი ხარჯების ფასად, რუსეთი იგებს სამხედრო კონფლიქტს უკრაინასთან. ბრძოლა დიდ ხანს გაგრძელდება, მაგრამ დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი ასევე დიდ ხანს ვერ გაგრძელდება. ამ ზამთარს, სავარაუდოდ, ქუჩებში ვნახავთ გაყინული, გაბრაზებული ევროპელების უზარმაზარ ბრბოს, რომლებიც ითხოვენ, გააგებინონ, რატომ ანგრევენ მათი მთავრობები საკუთარ ეკონომიკასა და საკუთარი ხალხების სიცოცხლეს უკრაინის გულისთვის. და რა მოხდება შემდეგ? ამ კითხვაზე ჯერ-ჯერობით ვერავინ პასუხობს. თუმცა, ევროპელები უკვე კატასტროფის ზღვარზე დგანან“

– აცხადებს The American Conservative.

 

ელლა მაისტრენკო