რომან გოცირიძე – პარადოქსული ეკონომიკაა საქართველოში, ეკონომიკა ვითომ იზრდება და ხალხი კი ღატაკდება და ღატაკდება.
ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრმა, რომან გოცირიძემ საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდის ოფიციალური მონაცემები გაყალბებულია.
„გამოდის პრემიერ-მინისტრი და იძახის, რომ ეკონომიკა იზრდება და ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის. პარადოქსული ეკონომიკაა საქართველოში – ეკონომიკა იზრდება, ხალხი ღატაკდება. რომელ ზრდაზეა საუბარი, როდესაც ოფიციალურად ინფლაცია 20-30% და უფრო მეტია. სტატისტიკის სახელმწიფო სამსახური მანიპულირებს და ფასების ზრდას რეალურად არ აჩვენებს. შედით მაღაზიაში და ნახეთ, რას ყიდულობდით 100 ლარით თუნდაც გასულ წელს და რის ყიდვა შეგიძლიათ დღეს. ეკონომიკური ზრდა კორექტირდება ინფლაციის რეალური ზრდით. თუ ინფლაცია არის გაყალბებული, მაშინ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაყალბებულია. რატომ ვერ ვგრძნობთ ეკონომიკური ზრდის შედეგებს? ყოველწლიურად რატომ გადის ჩვენი ქვეყნიდან ათობით ათასობით ადამიანი?“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
წყარო: itv.ge