„ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, ვგულისხმობ მთლიანად საზოგადოებას, მაგრამ პოლიტიკურ პარტიებს პირველ რიგში, მე საკუთარ თავზე და ჩემს გუნდზე შემიძლია ვისაუბრო, არის იმ ვითარების მიღწევა, სადაც შესაძლებელი იქნება განსხვავებული პოლიტიკური ძალების ერთად დასხდომა და მუშაობა, მიუხედავად იმისა რომ ერთმანეთი არ მოსწონთ.
თუმცა დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც მსგავსი გზავნილების ავტორებს, ევროკავშირსა და აშშ-ს მტრად მიიჩნევს. ეწევა კამპანიას, რომ ისინი ჩვენ ომში ჩართვას ცდილობდნენ, ამიტომ სულ სხვა კონტექსტია.“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ჟოზეფ ბორელის განცხადებას.
მისი თქმით, სანამ ეს კონტექსტი არ შეიცვლება, სანამ არ გვეყოლება პროევროპული, პროდასავლური ხელისუფლება, რომელიც მტერს და მოყვარეს ერთმანეთში არ ურევს, მანამდე ეს უბრალოდ ვერ მოხდება ან უბრალოდ თავის მოტყუება იქნება, მათ შორის ჩვენი პარტნიორების მოტყუებაც ბრიუსელში.
„ცივილიზებული სამყაროდან იმის მოლოდინი, რაც ამ გზავნილებშია, ბუნებრივია. სხვა ამბავია, რომ საქართველოში არსებული ვითარება ცივილურ ფარგლებს გაცდენილია. ეს ყველაფერი შესაძლებელია, თუ მთავრობასა და ოპოზიციას რაღაც სტრატეგიულ საკითხზე აქვთ ერთნაირი ხედვა და ჩვენ, ევროპულ საქართველოს ივანიშვილთან და მის გუნდთან, რომელიც სერიოზულად ავრცელებს მავნებლურ პროპაგანდას, რომ ევროპას და ამერიკა გვაძალებდა ომში ჩართვასა და საქართველოში სისხლის გუბეების დაყენებას და ისინი ამ ყველაფერს წინ აღუდგნენ გმირულად, ამაში ვერასდროს ვერ შევთანხმდებით.
ჩვენ არ გვაქვს საერთო სტრატეგიული ამოცანა, თუ გვექნება საერთო სტრატეგიული ამოცანა ვინმესთან, ვინც არ უნდა იყოს ეს, რა თქმა უნდა, მასთან უნდა იმუშავო. ვისაც არ ეთანხმები და საჭიროა დისკუსია, მათთანაა საჭირო მუშაობა, ვისაც ყველაფერში ეთანხმები ის შენს გუნდშია, მაგრამ არ დათანხმების ზღვრები არსებობს.
თუ ვინმეს პარალელების გავლება უნდა, თავის დროზე ჩვენი დასავლელი პარტნიორები ცდებოდნენ პუტინთან მიმართებაში, ჰქონდათ ხოლმე მოწოდებები, რომ ორივე მხარეს მოგიწოდებთ თავშეკავებისკენ – საქართველოსა და რუსეთს, თითქოს ჩვენ ჩრდილოეთ კავკასიის დაპყრობას ვაპირებდით, უტრირებას ვახდენ, პირდაპირ ამის იდენტური არაა ვითარება.
ეს უნდა აღვიქვათ, როგორც იმ მოლოდინის არტიკულირება ჩვენი პარტნიორებისგან, როგორი სიტუაციაც უნდა დადგეს საქართველოში, მაგრამ იმისთვის რომ ეგ ვითარება დადგეს, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ეს ყველაფერი შევცვალოთ, ანუ გვყავდეს პროდასავლური, პროქართული ხელისუფლება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, პროდასავლური, პროევროპული, პროამერიკული და პროქართული.“არის სინონიმები, ხოლო ანტიდასავლური და ანტიამერიკული არის ანტიქართულის სინონიმები. დღეს ჩვენ გვყავს ანტიდასავლური, ანტიევროპული ანუ ანტიქართული ხელისუფლება და მასთან მაგ საკითხზე შეთანხმება ვერ მოხერხდება.“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
„ჩვენ გვყავს ანტიდასავლური ანუ ანტიქართული ხელისუფლება, რომელთანაც საერთო სტრატეგიული ამოცანა არ გვაქვს, “ოცნებასთან” მუშაობა შეუძლებელია