ლატვიამ, ლიეტუვამ და ესტონეთმა მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიებიდან შენგენის ვიზებით რუსების შესვლის შეზღუდვის შესახებ, ამის შესაებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩმა განაცხადა. ოფიციალურად, აკრძალვა უახლოეს დღეებში გამოცხადდება, დასძინა რინკევიჩმა. მისივე თქმით, გამონაკლისი იქნება სატვირთო მანქანების მძღოლების, დიპლომატებისა და რუსების შემოსვლა ოჯახური და ჰუმანიტარული მიზეზების გამო. “გადაწყვეტილებებს მიიღებენ ეროვნული მთავრობები ეროვნული პროცედურების შესაბამისად და ძალაში შევა იმავე დროს”, – წერს რინკევიჩი.
ესტონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ შეწყვიტეს ტურისტული ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და მოუწოდეს ევროკავშირის სხვა ქვეყნებს, იგივე გააკეთონ. ესტონეთმა აგვისტოში ასევე აუკრძალა შესვლა რუსებს, რომლებსაც შენგენის ვიზა აქვთ.
ერთი დღით ადრე ევროკომისიამ (EC) გამოაქვეყნა წინადადებები რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების სრული შეჩერების თაობაზე. ახალი რეჟიმი შესაძლოა 12 სექტემბრიდან ამოქმედდეს.
ახლა რუსეთიდან ყველა განმცხადებლისთვის სავიზო მოსაკრებლის ოდენობა 35-დან 80 ევრომდე გაიზრდება. სავიზო განაცხადებზე გადაწყვეტილების მიღების სტანდარტული დრო გაიზრდება 10-დან 15 დღემდე, ზოგიერთ შემთხვევაში კი 45 დღემდე. გარდა ამისა, რუსებს ახლა მოუწევთ დოკუმენტების სრული ჩამონათვალის წარდგენა.
“ისეთ ქვეყანას, როგორიც რუსეთია, რომელიც აწარმოებს აგრესიულ ომს, არ უნდა ჰქონდეს გამარტივებული სავიზო რეჟიმი, სანამ ის აგრძელებს დესტრუქციულ საგარეო პოლიტიკას და სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ”, – განაცხადა ევროკომისიამ.