ნავის ჩაძირვის შემდეგ, ბრაზილიელი მეთევზე, 11 დღე ოკეანეში მაცივრით მიცურავდა

44 წლის რომუალდო მასედო როდრიგესი ატლანტის ოკენეში თევზაობდა, როცა მის 7-მეტრიან ხის ნავში წყალმა დაიწყო შეპარვა. როდრიგესმა თავის გადარჩენა ნავზე არსებულ მაცივარში ჩაჯდომით სცადა და გამოუვიდა კიდეც – ამ უცნაურ ხომალდზე 11 დღე გაატარა, სანამ სურინამის სანაპიროსთან სხვა მეთევზეები დაეხმარებოდნენ.

“სასოწარკვეთილი ვიყავი”, – იხსენებს როდრიგესი, – “მეგონა, ჩემი აღსასრული დადგა. მაგრამ მადლობა ღმერთს კიდევ ერთი შანსისთვის. დავინახე, რომ მაცივარი არ იძირებოდა, ამიტომ მასში ჩავხტი”.

მეთევზის თქმით, მან არც ცურვა იცოდა და იმისიც ეშინოდა, თავს ზვიგენი არ დასხმოდა.

“ზვიგენები მაცივრის გარშემო დაცურავდნენ, მაგრამ გამეცალნენ”, – ჰყვება როდრიგესი, – “არც კი მეძინა, მზის ამოსვლას და ჩასვლას ვუყურებდი და ღმერთს ვევედრებოდი, ვინმე გამოეგზავნა ჩემ გადასარჩენად”.

როგორც ადგილობრივი გამოცემები იუწყებიან, როდრიგესი მთელი ამ ხნის განმავლობაში საკვებისა და წყლის გარეშე იყო. როგორც წესი, ადამიანი წყლის გარეშე 3 დღეზე მეტხანს ვერ ძლებს, თუმცა, მსოფლიო რეკორდი 18 დღეა.

“ჩემს შვილებსა და ცოლზე ვფიქრობდი”, – ჰყვება კაცი იმაზე პასუხად, თუ როგორ გაუძლო თავსდატეხილ უბედურებას, – “ყოველდღე ვფიქრობდი დედაჩემსა და მამაჩემზეც, ჩემს ოჯახზე. ეს ძალასა და იმედს მმატებდა”.

მეთევზე გადარჩენის მომენტსაც იხსენებს და ამბობს, რომ მხედველობის გაუარესების გამო ძლივს შენიშნა, როგორ მოცურდა მის მაცივართან ნავი.

“ის მაცივარი ჩემთვის ღმერთი იყო. ერთადერთი, რაც მებადა, სწორედ მაცივარი გახლდათ, სასწაულია”, – ამატებს როდრიგესი.