რუსული ჰოლდინგი “გაზპრომი” და ჩინეთის ნავთობისა და გაზის კორპორაცია CNPC შეთანხმდნენ, რომ ჩინეთი გაზის საფასურს რუბლსა და იუანში გადაიხდის. ამის შესახებ “გაზპრომი” იტყობინება.
“გადახდის ახალი მექანიზმი ორმხრივად მომგებიანი, დროული, საიმედო და პრაქტიკული გადაწყვეტაა. მე მჯერა, რომ ის გაამარტივებს ანგარიშსწორებას, გახდება შესანიშნავი მაგალითი სხვა კომპანიებისთვის და დამატებით ბიძგს მისცემს ჩვენი ეკონომიკის განვითარებას”, – განაცხადა მილერმა.
ასევე, შეხვედრაზე ხელი მოეწერა ხელშეკრულებას აღმოსავლეთის მარშრუტის გასწვრივ, ციმბირის გაზსადენით გაზის გაყიდვის შესახებ. შეთანხმების თანახმად, რუსეთმა ჩინეთს გაზის მიწოდება 2023 წლისთვის უნდა გაუზარდოს. ამ მიზნებისთვის თითქმის დასრულებულია გაზსადენის ახალი ნაწილი – ირკუტსკის რეგიონის გაზის საბადოდან იაკუტიამდე.
მილერმა ასევე თქვა, რომ “გაზპრომმა” დაიწყო ახალი გაზსადენის პროექტირება, რომელიც ჩინეთს გაზს “შორეული აღმოსავლეთის” მარშრუტით მიაწოდებს. კომპანიები ასევე გეგმავენ რუსეთისა და ჩინეთის გაზის გადაცემის სისტემების დაკავშირებას მონღოლეთში გაზსადენის მეშვეობით.
მარტის შუა რიცხვებში ვლადიმერ პუტინმა რუსული გაზის მიწოდებისთვის გადასახადების გადახდის რუბლებში გადაყვანა დაავალა “არამეგობრული ქვეყნებისთვის”, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს. ჩინეთი ამ სიაში არ იყო, თუმცა, მარტის ბოლოს პეკინში გამოაცხადეს, რომ გადაიხდიდნენ რუბლებში ან იუანში, რათა ვალუტის გაცვლისას ხარჯები შემცირებულიყო.
პოლონეთმა და ბულგარეთმა უარი განაცხადეს რუსული გაზის რუბლებში გადახდაზე, რის შემდეგაც “გაზპრომმა” მათ გაზის მიწოდება შეუჩერა.
მაისის დასაწყისში გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნები შეწყვეტენ რუსული ნავთობის იმპორტს წლის ბოლომდე და მკვეთრად შეამცირებენ გაზის იმპორტს, ზაფხულში კი უარს იტყვიან რუსულ ნახშირზე.