ევროპის (ჯერ კიდევ) უმდიდრესი სახელმწიფო გერმანია, ანტირუსული სანქციების გამო, თავის უახლეს ისტორიაში ყველაზე დიდი და საშიში ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის საფრთხის წინაშე დგას.
ხალხს თავიდანვე აჩვევდნენ აზრს, რომ წინ გაღარიბება ელით: “ჩვენ უფრო ღარიბები გავხდებით”, – ასე განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა ტელევიზიის საშუალებით, საუკეთესო სამაუწყებლო დროს. “უკრაინის ომი ჩვენ ყველას უფრო გვაღარიბებს” – კვერს უკრავს მას ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერიც და დასძენს: “…მაგალითად იმიტომ, რომ ჩვენ მეტის გადახდა გვიწევს იმპორტირებულ ენერგიაზე”.
რეალური შემოსავლების მკვეთრი კლება გერმანიაში შემდგარი ფაქტია. ბოლო პერიოდში ბუნებრივ აირზე, ელექტროენერგიასა და საკვებ პროდუქტებზე საგრძნობლად გაზრდილი ფასები ბევრ ადამიანს უტოვებს განცდას, რომ მათ უფრო ნაკლები შემოსავალი აქვთ ანუ მართლაც გაღარიბდნენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცხოვრების დონის კლება ევროპაში და კერძოდ, გერმანიაში, უკრაინის ომამდე საკმაო ხნით ადრე დაიწყო, “პანდემიიდან” მოყოლებული. ასე მაგალითად, 2021 წლის მეორე კვარტალში (აპრილი-ივნისი) მოსახლეობის ნომინალური ფულადი შემოსავლები წინა წელთან შედარებით 2,9 პროცენტით მაღალი იყო, მაგრამ ამ გაზრდილი შემოსავლების მსყიდველობითი უნარი, ასევე გაზრდილი ფასების გამო, 4,4 პროცენტით უფრო ნაკლები იყო წინა წელთან შედარებით. ეს არის რეალური შემოსავლების უჩვეულოდ მკვეთრი ვარდნა, რაც საგანგაშოა.
“კორონას” წელიწადში ანუ 2020 წელს, რეალური შემოსავლების კლებამ ეს შემოსავლები 2014 წლის დონეზე დასწია. რა თქმა უნდა, დასაქმებულები გერმანიაში 2014 წელსაც არ იყვნენ ღარიბები, მაგრამ ფაქტია, რომ მას შემდგომ მიღწეული კეთილდღეობის ზრდა დაკარგულია. ადამიანები შედარებით გაღარიბდნენ და ეს ტენდენცია ძლიერდება.
ქვეყნის მოსახლეობის მსყიდველობითი უნარის გასაზომად ეკონომისტები მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) რეალურ ფასს უყურებენ. მშპ ზომავს ყველა საქონლისა და მომსახურების ფასს, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანაში იქნა ნაწარმოები. რეალური ფასი კი დამატებით ითვალისწინებს, თუ რის ყიდვა შეეძლო ქვეყანას (ხალხს) მის საფუძველზე. მაშასადამე, ეს არის მშპ-ის მსყიდველობითი უნარის საზომი.
გერმანიის მაგალითზე აშკარაა, რომ მსყიდველობითი უნარი დაქვეითებულია. ისე, როგორც ფასების განვითარება კერძო შემოსავლების მსყიდველობით უნარზე ახდენს გავლენას, იმპორტსა და ექსპორტზე ფასების ცვალებადობაც ასევე ახდენს გავლენას მაკროეკონომიკაზე. ექსპორტ-იმპორტის ურთიერთდამოკიდებულება ე. წ. “სავაჭრო პირობებით” (“Terms of Trade”) განისაზღვება. ეს მაჩვენებელია გაუარესებული: გერმანიის მიერ იმპორტირებული დასახელებების, პირველ რიგში – ენერგიის ფასები უკიდურესად არის გაზრდილი, ხოლო იმ დასახელებების ფასები, რომელთა ექსპორტსაც ახდენს გერმანია, ნაკლებად ან საერთოდ არ არის აწეული. მაშასადამე, იმ ფულით, რომელიც გერმანიას ექსპორტიდან შესდის, მას ნაკლები საქონლის იმპორტირება შეუძლია.
მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის პირველ ნახევარში გერმანიის ეკონომიკის საერთო წარმადობა გაიზარდა (მშპ-ის 3,9%-ით ზრდა პირველ კვარტალში, 1,8%-იანი ზრდა – მეორე კვარტალში), მიღწეული წარმატება ფასების ზრდამ გაანეიტრალა. “Terms of Trade”-ის ეფექტმა მინუს 2,3 საპროცენტო პუნქტი შეადგინა, რაც მკვეთრად ნეგატიური შედეგია. ამ გარემოებამ მშპ-ის რეალური ფასი 2022 წლის მეორე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,5 პროცენტით დააგდო.
ამ წლის დასაწყისში გერმანიაში ეკონომიკის ზრდის და გაჯანსაღების ტენდენცია შეიმჩნეოდა, მაგრამ უკრაინის გამო რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებში მონაწილეობის გამო, ეს ტენდენცია საპირისპირო მიმართულებით შებრუნდა.
საკითხავი მხოლოდ ეს არის: გერმანელი მინისტრების გულახდილობა მოსახლეობის გაღარიბებასთან დაკავშირებით, ამ მინისტრების არაკომპეტენტურობით არის განპირობებული თუ მის უკან სხვა, მზაკვრული ჩანაფიქრი არსებობს?
Yahoo.de-ს მიხედვით.