უნდათ, ყალბი პროცესისთვის შლეიფი შექმნან, რომ შემდეგ თქვან, პროცესი იყო მონაწილეობითი – მათ სურთ დანიშნონ სახალხო დამცველი, რომელიც მათი კონტროლის ქვეშ იქნება,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებულ რეგლამენტის ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, მათ პირველი მოსმენისას კანონპროექტს მხარი გარკვეული დათქმით დაუჭირეს, რომელიც ხელისუფლებას მეორე მოსმენისთვის უნდა გაეთვალისწინებინა, თუმცა, ეს ასე არ მოხდა, შესაბამისად, პროექტს მათი მხარდაჭერა არ აქვს.
“პირველი მოსმენისას მხარდაჭერა იყო იმ დათქმით, თუ მეორე მოსმენამდე მოხდებოდა გამოსწორება კანონპროექტის, თუ ძალიან მკაფიოდ ჩაიწერებოდა როგორ მოხდებოდა შეფასების ჯგუფის წევრების შერჩევა, იქნებოდა თუ არა ჩართულობა, გამოირიცხებოდა თუ არა ერთპიროვნული გადაწყვეტილებები, იქნებოდა თუ არა მკაფიო კრიტერიუმები და ეს ყველაფერი უნდა ჩაწერილიყო არა პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაში, რომელიც არის ერთპიროვნული დოკუმენტი, არამედ რეგლამენტში. ეს არაფერი არ მოხდა, შესაბამისად, ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ.
ოლიგარქის ლექსიკით და რიტორიკით რომ ვთქვათ, ესენი ქმნიან ინკლუზიურობის და ჩართულობის შლეიფს, თუმცა, მთელი ამ დისკუსიის განმავლობაში კარგად ჩანდა, რომ მათ არ სურთ პროცესში ჩართონ მთავარი, ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, ამის მაგალითი გვქონდა კიდეც, “სამართლიანი არჩევნები” გარიყეს პროცესიდან. ახლა უნდათ ამ ყალბი პროცესისთვის შლეიფი შექმნან, რომ მერე თქვან, რომ ეს პროცესი იყო მონაწილეობითი. ასეთი პროცესის გავლით სურთ დანიშნონ სახალხო დამცველი, რომელიც იქნება მათთვის სასურველი და მათი კონტროლის ქვეშ იქნება,”- განაცხადა მინაშვილმა.
ახალი სახალხო დამცველის არჩევის წესთან და პროცედურებთან დაკავშირებით რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით – 80 ხმით, ერთხმად მიიღო.
პირველი მოსმენით კენჭისყრისგან განსხვავებით, “ნაციონალური მოძრაობის“, “სტრატეგია აღმაშენებლისა“ და “ლელოს” დეპუტატებმა “ქართული ოცნების” მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენით მხარი აღარ დაუჭირეს.