“პატრიოტთა ალიანსი”-ს ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელში არ წყდება საუბარი კონფერენციაზე, რომელიც თბილისში, ყოველწლიურად, მაკკეინის ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება. ეს ის კონფერენციაა, რომელმაც საზოგადოებას ერთი ცნობილი ფაქტით დაამახსოვრა თავი: 2019 წლის 10 სექტემბერს ზემოხსენებულ შეკრებაზე ჩემსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს – დევიდ კრამერს შორის ხმაურიანი დაპირისპირება მოხდა!
თუ არ ვცდები, საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ამერიკელმა დიპლომატმა სახის შენარჩუნება ვერ შეძლო და ღია აგრესია და ძალადობა გამოავლინა. მაშინ, ანუ 2019 წლის 10 სექტემბერს, მე ჯერ კიდევ საქართველოს პარლამენტის წევრი და ვიცესპიკერი ვიყავი. კრამერი რომ გვარად კრამაროვი ყოფილიყო, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა? კრამერი რომ კრამაროვი ყოფილიყო, ყველა პოლიტიკოსი, ყველა ექსპერტი და ჟურნალისტი მას მოძალადედ, დამნაშავედ და აგრესორად შერაცხავდა, მაგრამ კრამერი კრამაროვი არ იყო, ამიტომაც ჟურნალისტებმა ხმა არ ამოიღეს, ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა კი, მე დამგმეს!
მაშინ, იმ კონფერენციაზე ჩემთვის სიტყვის მოცემა არ უნდოდათ, მარტო ვიყავი და ყველას მტრად მივაჩნდი, მაგრამ მიკროფონი მაინც მოვიპოვე და სიტყვით მაინც გამოვედი, კრამერიც ვამხილე, კრამერებიც, სააკაშვილებიც და ბოკერიებიც!
თუ გახსოვთ, იმ კონფერენციაზე ერთმა ბალტიისპირელმა დეპუტატმა გვითხრა: თუ გინდათ პოლიტიკაში დარჩენა, უნდა შეეგუოთ, რომ მოგიწევთ სააკაშვილ- ბოკერიების შეყვარებაო. თუ ამას ვერ შეეგუებით, პოლიტიკურ ველზეც არ დაგტოვებენო.
ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ ვაცხადებდით, რომ ამ კონფერენციებზე საქართველოსთვის დამღუპველ გეგმებს სახავენ, რომ ამ ჯგუფის მიზანი ხელისუფლების დამხობაა… მაგრამ როცა ჩვენ ამას ვამბობდით და ვცდილობდით „ქართულ ოცნების“ გამოფხიზლებას, „ქართული ოცნება“ „შმატრიოტებს“ გვაძახდა და გახარებული ამცნობდა საზოგადოებას: რუსული შემადგენელი აღარ არის პარლამენტშიო. გავიწიეთ! 2 წელია ვაკვირდებით პროცესებს. არავის არსად არ ვეღობებით და რა მოიგო „ქართულმა ოცნებამ“?
მაკკეინის ინსტიტუტის კონფერენციაზე დევიდ კრამერი და მაკკეინის ინსტიტუტის სხვა წარმომადგენლები ახლა „ქართულ ოცნებას“ აცხადებენ რუსულ ოცნებად და კრემლის მოკავშირედ, ივანიშვილს რუს ოლიგარქად აცხადებენ და სანქციების დაწესებას ითხოვენ. ამასთან, ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ ჩამოშორების გეგმას სახავენ. თანაც ისე, რომ არც მალავენ, არც ფარავენ, არამედ ღიად, ამერიკულ სტილში ეუბნებიან: რუსი ოლიგარქი ივანიშვილი და მისი გარემოცვა სანქციებს ვერ აცდება!!!
შეგახსენებთ, რომ მაკკეინის ინსტიტუტის ამ კონფერენციებს ყოველი წლის სექტემბერში დიდი სიამაყითა და ენთუზიაზმით ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრები, მინისტრები, პარლამენტის თავმჯდომარეები და დეპუტატები. რა უნდოდათ და რატომ ესწრებოდნენ, რატომ მატებდნენ წონას კრამერებისა და ბრაიზების შეკრებას, იმედია, თავად აქვთ ახსნა. ჩვენ მაშინვე ვეუბნებოდით, რომ ეს იყო შეცდომა! და გაირკვა, რომ უკვე წლევანდელ კონფერენციაზე არც პრემიერი, არც მინისტრები, არც პარლამენტის თავმჯდომარე და არც დეპუტატები სასტუმროში „რუმსში“ აღარ მიბრძანდნენ. მეტიც, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა: რატომ უნდა დავესწროთ კონფერენციას, რომელზეც რადიკალები იმაზე მსჯელობენ, რევოლუცია როგორ მოგვიწყონო. აი, ეს მარტივი რეალობა 3 წლის წინ (როცა ჩვენ ვეუბნებოდით) რომ გაეცნობიერებინათ და წლების წინ რომ გამიჯვნოდნენ ამ და სხვა პროექტებს, დღეს ხომ საქართველოში არანაირ რევოლუციებზე საუბარი არ იქნებოდა?!
სანქცირების თემაზე გაირკვა, რომ უკვე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროშია გადაგზავნილი პირადად ივანიშვილისა და მისი გარემოცვის, ანუ სანქცირების კანდიდატთა სია. ასევე სწორედ დევიდ კრამერმა განაცხადა, რომ ივანიშვილისგან საქართველოს დეოლიგარქიზაცია აუცილებელია, შემდეგ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა აგვიხსნა, რომ ამერიკა არასდროს აანონსებს წინასწარ, ვის დაუწესებს სანქციებს, თუმცა, სანქცირების საკითხი ძალზედ ეფექტიანია და ა.შ. და ა.შ. მორიგჯერ გამობრძანდა უკრაინის რადას ფრაქციის – „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია, რომელმაც ივანიშვილის სანქცირების სრული რეალისტურობა დაადასტურა.
მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა თბილისის კონფერენცია საზეიმო ვახშმით და უკრაინის ჰიმნის შესრულებით დახურეს, მაგრამ არ დახურულა გეგმა, რომელიც ამ კონფერენციის კულისებშია მიღებული. ეს ხალხი საქართველოში მარტო ცეკვა-სიმღერისა და ხაჭაპურის მისართმევად რომ არ ჩამოდის, იმედია, ვისაც ტვინი აქვს, ამას ხვდება. ჩვენ კი, რა საფრთხეების შესახებაც წლების წინ და წლების მანძილზე ვაფრთხილებდით მთელ ქვეყანას, ვხედავთ, რომ ყველა ეს საფრთხე დღეს სახეზეა.
ქვეყანა სერიოზულ შარშია!