ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, საქართველო პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების, კანონის უზენაესობისა და რეფორმების გატარების მოდელი იყო, ახლა კი ბრძოლა გახდა საჭირო, რადგან ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსი მიიღოს.
„პასუხის გაუცემლობა ჩვენი უპატივცემულობაა. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო წარმატებული იყოს და დასავლელი პარტნიორების დღის წესრიგში დაბრუნდეს. მანამდე საქართველო პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების, კანონის უზენაესობისა და რეფორმების გატარების მოდელი იყო. ახლა კი კანდიდატი ქვეყნის სტატუსი რომ მიიღოთ, ამისთვის ბრძოლა გვიწევს. პირადად ჩემთვის, ეს გულდასაწყვეტია. საქართველოში დაცული არავინაა. შეიძლება ყველა დააკავონ.
ზუსტად ეს არის პრობლემა. დღეს ერთი ჟურნალისტი, ხვალ მეორე აქტივისტი, შემდეგ ისევ ჟურნალისტი. ეს არის ის, რასაც რუსეთსა და ბელარუსში ვხედავთ. ძალიან სახიფათოა, როცა სამართალდამცავი ორგანოების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება შეგიძლია. სურვილი გვაქვს, რომ თქვენს ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და გამჭვირვალე პროცესები ვიხილოთ. როდესაც ნიკა გვარამია დააკავეს, ჩვენ ეს ვერ დავინახეთ“, – განაცხადა კრამონმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარი „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას ციხეში მონახულებას ითხოვდა, თუმცა მან შესაბამისი უწყებიდან პასუხი ვერ მიიღო.