შალვა პაპუაშვილი – “ვხედავთ საფრთხეს, რომ მოხდება 12 პუნქტის შესრულების დაბლოკვა”

შალვა პაპუაშვილი – რატომ სახალხო დამცველის შვიდი კანდიდატი? ომბუდსმენი თანაბრად მისაღები უნდა იყოს ყველასთვის – ოპოზიცია ერთ კანდიდატზე შეთანხმებით უმრავლესობის გვირაბში მოქცევას შეეცდება, დიახაც, ამას ვზღუდავთ!

ვხედავთ საფრთხეს, რომ მოხდება 12 პუნქტის შესრულების დაბლოკვა რომ არ იყოს პოზიტიური გადაწყვეტილება ევროპული საბჭოს მხრიდან, საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამით დარტყმა მიადგეს ხელისუფლებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სახალხო დამცველის არჩევის წესის საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.

როგორც პაპუაშვილმა განმარტა, ოპოზიციის ერთადერთი მიზანი ევროპული პერსპექტივის შეფერხებაა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციას არგუმენტები არ აქვს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, მოსმენების შესახებ კანონზეც, სადაც აღქმების დონეზე საუბრობდნენ.

„6 თვეა მოსმენების საკითხი განიხილება, ერთი შინაარსობრივი საკითხი არ დასახელებულა. საუბარია უფლებების გაუარესებაზე, ისმის კითხვა, რომელი უფლების გაუარესება ხდება? -პასუხი არის ნული. ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამება, ისმის კითხვა, რომელ ევროპულ სტანდარტს არ შეესაბამება? – პასუხი არის ნული. არის ერთადერთი პასუხი, იცით, რა პროცესი იქნებ ცოტა სხვანაირი ყოფილიყო. მინდა ვთქვა, აღქმებზე რომ არის ხოლმე საუბარი და იცით, რომ ჩვენი დამოკიდებულება და პრინციპი არის ის, რომ ამ აღქმებს, რომელიც სამწუხაროდ, ძალიან მოჭარბებით არის და გავლენას ახდენს ჩვენს პოლიტიკაზე, დავუპირისპირდეთ ფაქტებით. ერთი რამ მინდა ცხადად ვთქვა, ადამიანი, რომელიც საკუთარ დასკვნებს აკეთებს აღქმებზე, ამ ადამიანის ადგილი პოლიტიკაში არ არის. ადამიანი, რომელიც საკუთარ დასკვნებს აღქმების საფუძველზე აკეთებს, სწორედ ეს ადამიანი არის საშიში პოლიტიკისთვის.

თავის დროზე, საარჩევნო რეფორმა როცა იყო, მაშინდელი წარმატებაც იმაში მდგომარეობდა, რომ ყველა ვამბობდით იმ სამუშაო ჯგუფში – გამოვიდეთ იმ საფრთხეებიდან, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, იმ შიშებიდან, რომელიც ჩვენ გვაქვს. ჩვენ ვხედავთ საფრთხეს, რომ მოხდება 12 პუნქტის შესრულების დაბლოკვა, რომ არ იყოს პოზიტიური გადაწყვეტილება ევროპული საბჭოს მხრიდან, საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამით დარტყმა მიადგეს ხელისუფლებას. ამის რისკს ვხედავთ და ამაზე ღიადაც ვსაუბრობთ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებთან მიმართებით. ესეც ჩვენი ლეგიტიმური შიშია სახელისუფლებო პასუხისმგებლობიდან გამომდინარე. რას ვუპირისპირებთ ამას? – პროცედურებს, რომლებზეც ვფიქრობთ, რომ შეიძლება ხელოვნურად გაიწელოს, თავს ვიზღვევთ, რომ არ გაიწელოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას, რატომ უნდა დასახელდეს სახალხო დამცველის არჩევისას 7 კანდიდატი, პაპუაშვილმა განმარტა, რომ მხოლოდ ერთ კანდიდატზე შეთანხმებისას ოპოზიცია უმრავლესობის გვირაბში მოქცევას შეეცდება და არჩევანის უფლებას არ დაუტოვებს.

„რატომ 7 [კანდიდატი]? – ეს მგონია, რომ ცხადი საკითხია. ვთქვით თავიდანვე, რომ ომბუდსმენის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ კანდიდატი და საბოლოო ჯამში ომბუდსმენი თანაბრად მისაღები იყოს ყველასთვის. დიახაც, ოპოზიცია ერთ კანდიდატზე უნდა შეთანხმდეს და მერე მხარი იმას დავუჭიროთ. დიახაც, ამას ვზღუდავთ! ეს არ უნდა იყოს რომ, უმრავლესობა მოაქციოთ გვირაბში და შემდეგ თუ იმ კანდიდატურას არ დაეთანხმება, თქვათ, რომ უმრავლესობა არ ეთანხმება. არ არის ეს ასე. ჩემი ნეგატიური პოზიცია არაერთხელ მითქვამს კვალიფიციურ უმრავლესობასთან დაკავშირებით, რეალობაში ეს კვალიფიციური უმრავლესობა არის არა მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თანაბრად მისაღები კანდიდატები იქნეს შერჩეული, არამედ, პრაქტიკაში ამას მივყავართ იქამდე, რომ უმრავლესობა იძულებული გახადოს დაეთანხმოს უმცირესობის კანდიდატს. ჩვენ ვთქვით, რომ უარს ამბობს უმრავლესობა თავისი კანდიდატის დასახელებაზე ამის საპირისპიროდ, არ გვინდა მივცეთ უმცირესობას იმის შესაძლებლობა, რომ მან გვირაბში მოაქციოს უმრავლესობა, საიდანაც ერთი გამოსავალია, მათ შორის ზეგავლენა მოახდინოს პარლამენტში სხვა წევრებზე. ამიტომაც მინიმუმ 7 კანდიდატი, რადგან უმრავლესობას ჰქონდეს არჩევანი და საბოლოო ჯამში მისაღები. ერთ კანდიდატზე უმრავლესობის დათანხმება ზუსტადაც არადემოკრატიულია. გამოდის, რომ უმცირესობა თავს ახვევს თავის აზრს უმრავლესობას“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

წყარო: itv.ge