შოთა არველაძე: ამ პერიოდმა აჩვენა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ნებისმიერ წნეხს გაივლის

ამ პერიოდმა აჩვენა, რომ კვარაცხელია ნებისმიერ წნეხს გაივლის, ჩვენ ხომ ასეთები ვართ, მაქსიმუმს ვითხოვთ _ ასე გამოეხმაურა “ტვ პირველის” ეთერში საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი შოთა არველაძე, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟს.

“ამ პერიოდმა აჩვენა, რომ კვარაცხელია ნებისმიერ წნეხს გაივლის. უბრალოდ, უფრო მეტს ვითხოვთ, ან უფრო მეტი გვინდა, ვიღაცას ვლანძღავთ იმიტომ, რომ გამოცვალეს, ან არ გამოცვალეს, ან ვიღაცამ პასი არ მისცა. ჩვენ ხომ ასეთები ვართ, მაქსიმუმი გვინდა. პირიქით, უნდა ვისიამოვნოთ დღევნდელი დღით. ალბათ, დიდი ხანია არ ყოფილა ასეთი მდგომარეობა, რომ ვიღაცას მთელი ერი ასე ელოდებოდეს. ბევრ დადებით ემოციას იწვევს. ამ ბიჭმა შექმნა ეს. დაახლოებით 2 თვე ნახევარი ითამაშა და 100 ათასზე მეტი მაყურებელი შეკრიბა 8 თუ 10 თამაშით. ასე მარტივად არ ხდება მაყურებლის სტადიონზე მისვლა და არც საქართველოს პირველობაზე სიარული. შესაბამისად, ადამიანს თავისი ნიჭით, შრომის მოყვარეობით ამდენი რამის გაკეთება რომ შეუძლია ასე მალე, ვფიქრობ, კარგი დაწყებაა ყველასთვის და სამაგალითო. საოცარი შერწყმაა ძალის, ფიზიკური მონაცემების, და ტალანტის. ასე ერთად ყველაფერი იშვიათად ხდებოდა ქართულ ფეხბურთში“_ განაცხადა შოთა არველაძემ.