ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი რუსებისთვის საზღვრებს 19 სექტემბრიდან დახურავენ

19 სექტემბრიდან ესტონეთი რუსებს, რომლებსაც ტურისტული შენგენის ვიზა აქვთ, ქვეყანაში შესვლას აუკრძალავს. აკრძალვას შეუერთდებიან ასევე ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი.

“ესტონეთს აქვს პოლიტიკური ნება, რომელსაც ვახორციელებთ სამართლებრივ სფეროში. 18-19 სექტემბრის ღამეს ამოქმედდება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების შენგენის გარე საზღვრის გავლით ესტონეთში შესვლის აკრძალვა”.

“ლატვიასთან, ლიეტუვასთან და პოლონეთთან ერთად გვსურს მნიშვნელოვნად შევზღუდოთ რუსეთის მოქალაქეების შესვლა, რომელთა მიზანი ტურიზმია”, – განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა. აკრძალვა არ გავრცელდება მათზე, ვინც ახლობლების მოსანახულებლად მიდის.

“მიუღებელია, რომ როცა უკრაინაში ადამიანებს აწამებენ და კლავენ, აგრესორი რუსეთის მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ ევროკავშირში მოგზაურობა”, – ციტირებს Reuters პოლონეთის მთავრობას.

მანამდე ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, ასევე პოლონეთმა და ჩეხეთმა მოუწოდეს ევროკავშირს, სრულად აეკრძალა რუსი ტურისტების შესვლა, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას მხარი ყველა ქვეყანამ არ დაუჭირა. შედეგად, სექტემბრის დასაწყისში ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების შეჩერების თაობაზე.

12 სექტემბერს ახალი წესების ძალაში შესვლის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის ყველა მოქალაქისთვის სავიზო მოსაკრებლის ოდენობა 35-დან 80 ევრომდე გაიზრდება.

გარდა ამისა, რუსებს მოუწევთ დოკუმენტების სრული სიის წარდგენა და ვერ ისარგებლებენ შემცირებული სიით.