გრიგოლ ლილუაშვილი – მაქსიმალურად ვცდილობთ, გავფილტროთ ქვეყანაში არასასურველი სტუმრები, ასე რომ, მშვიდად იყავით.
რუსული ოპოზიციის ავანგარდში მყოფი პირების უკონტროლო შემოდინება იგივენაირად არის საფრთხის შემცველი, როგორც არაოპოზიციური პირების, რომლებიც ტურისტული მიზნებით შემოდიან ქვეყნის ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა.
ჟურნალისტებმა ლილუაშვილს შეკითხვა დაუსვეს ვსევოლოდ ოსიპოვთან დაკავშირებით, რომელიც სუს-მა გამოკითხა.
– „ოსიპოვი იყო გამოკითხვაზე. მან თავის ჩვენებაში მიუთითა, რომ დავალებით იყო შეგზავნილი რუსული ოპოზიციის იმ ფრთაში, რომელიც ძალიან კარგად და კომფორტულად გრძნობს თავს დღეს საქართველოში. მისივე სიტყვით, იყო ჩანერგილი რუსული ოპოზიციის იმ ნაწილში, რომელიც საქართველოში იმყოფება, თუმცა ამის დადასტურების პრაქტიკულ მეთოდებს ჩვენ მოკლებული ვართ, ვინაიდან ამისი გადამოწმება იმ შემთხვევაშიც, თუკი გვექნებოდა სამსახურებრივი ურთიერთობები რუსეთის შესაბამის უწყებებთან, მაინც ვერ მოხერხდებოდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არც ერთი ქვეყანა და სამსახური არ გაგცემს სწორ პასუხს კითხვაზე, არის თუ არა ადამიანი მის მიერ გამოგზავნილი. რუსული ოპოზიციის ავანგარდში მყოფი პირების უკონტროლო შემოდინება იგივენაირად არის საფრთხის შემცველი, როგორც არაოპოზიციური პირების, რომლებიც ტურისტული მიზნებით შემოდიან ქვეყნის ტერიტორიაზე; ამიტომ სახელმწიფო უწყებები – შსს იქნება ეს თუ სუს-ი, თანაბარი სიფრთხილით და თანაბარი კონტროლის მექანიზმებით მიუდგება ყველა პირს, რომლებიც ამ უწყებების მიერ ჩაითვლებიან საფრთხის შემცველად ან ქვეყნისთვის ზიანის მომტანად. ოსიპოვის ჩვენება არის ფურცელი, რომელსაც ჯერჯერობით სხვა არგუმენტები არ ახლავს თან. უფრო მეტიც, ბატონმა ოსიპოვმა უფრო ვრცლად ისაუბრა მისი მიზნების შესახებ. ამ ჩვენების შინაარსს თავის დროზე გაიგებთ. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არ მინდა, რომ გავუსწრო შედეგებს. ის შეიძლება, სცდებოდეს სწორ ვერსიას, მის მიერ მოცემული ჩვენების შინაარსი და საზოგადოებაში გაბატონებული აზრი, ანუ მოტივაცია მისი აღიარებითი ჩვენების იყოს სხვა მიზანი და არა სინდისის ქენჯნა, რომელმაც მაინცდამაინც თბილისში ჩამოსვლის შემდეგ შეაწუხა“ – განაცხადა ლილუაშვილმა.
სუს-ის ხელმძღვანელის თქმით, თბილისში – დემოკრატიული ქვეყნის დედაქალაქში პოლიტიკური მრწამსისა თუ შეხედულების გამო არ ხდება ადამიანების დისკრიმინაცია, მათ შორის საზღვარზე.
– „მაგრამ, სამწუხაროდ, დიდია ცდუნება, დიდია რისკები იმისა, რომ ზუსტად ოპოზიციურად განწყობილ პირებში იყვნენ ჩანერგილი რუსეთის აგენტები. კარგად იცით, მათ შორის გადაცემებიც, არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც იბრძვიან თავისუფალი დემოკრატიული სივრცის დასამკვიდრებლად რუსეთის ტერიტორიაზე, ოღონდ რუსეთის ტერიტორიის ფარგლებს გარედან. მეტ კონკრეტიკას ვერ გეტყვით, ყველამ ყველაფერი კარგად იცის. დიპლომატიური მისიების საფარქვეშ მუშაობდნენ ადამიანები და მოხდა მათი აღმოჩენა; რომელი ქვეყნიდან იყვნენ? – ესენი არ იყვნენ მეგობრული ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ ქვეყანას მეგობარი ქვეყანა არ ერქმეოდა. იყო მტრულად განწყობილი ქვეყნები, არ არის აუცილებელი, რომ მაინცდამაინც მტრულად განწყობილ ქვეყნებში ვიგულისხმოთ მხოლოდ რუსეთის ფედერაცია; აქ საუბარია ქვეყნებზე, რომლებიც საერთოდ განიხილებიან, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნები. ეს ნდობის ჯგუფზე გაზიარებული იქნა, საკომიტეტო მოსმენაზე – როგორ წარმოგიდგენიათ საქმეები, რომელიც ტელეკამერების გარეშე ჩატარდა და თავისი ეფექტი მისცა ქვეყანას უსაფრთხოების მიმართულებით, გამჟღავნებული იყოს ტელეკამერების წინ“ – აღნიშნა ლილუაშვილმა.
გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ ააქვს.
„ჯაშუშების ომი ჰქვია ფილმს, ნუ იქნებით ამ ფილმების ზეგავლენის ქვეშ. ბევრი ღონისძიება, მათ შორის ჯაშუშების აღმოჩენაც, განეიტრალებაც და გაძევებაც ხდება აბსოლუტურად არასაჯაროდ, უჩუმრად. ასე რომ, ამის შესახებ შეიძლება, იცოდნენ მხოლოდ სპეცსამსახურების თანამშრომლებმა და უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირმა, ვინც ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს. ჩემ მიერ წარმოდგენილ მოხსენებაში მოცემული იქნა ქეისები დასახელების გარეშე, რომელიც ეხებოდა კონკრეტულ ჯგუფებს, კონკრეტულ პიროვნებებს, რომლის უკანაც არსებობს კონკრეტული სახელი და გვარები, კონკრეტული ორგანიზაციები. ეს არის გრიფით „საიდუმლო“. ამის ფორმატი არსებობს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული საკომიტეტო მუშაობის ფარგლებში. ეს არის ნდობის ჯგუფი, იმ პირთა ვიწრო წრე, მათ შორის ოპოზიციის წევრებით დაკომპლექტებული, რომელთაც შეიძლება, ინფორმაცია მიეწოდოთ. კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არის გრიფით „საიდუმლო“.
რუსი ტურისტები შემოდიოდნენ 2018-ში, 2019-შიც – 2019-ში იყო ზუსტად ორჯერ მეტი შემოსული. არ მომხდარა არც დივერსია, არც ტერორისტული აქტი. ჩვენი სამსახურები, შსს, სხვა სტრუქტურებთან ერთად, შესაძლებლობის მაქსიმუმზე ვცდილობთ, გავფილტროთ არასასურველი სტუმრები. თქვენ არ მოგეცემათ იმის საშუალება, რომ საჯარო სივრცეში ნახოთ საზღვარზე შეკავებული ან აქედან გაძევებული არა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც შემჩნეულები იყვნენ საზიანო მოქმედებებში, ან არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი. ასე რომ, მშვიდად იყავით. სტატისტიკა არის ის, რომ ნულოვანი სტატისტიკაა დანაშაულის ჩადენისა – სისხლის სამართლის საქმეებს ვგულისხმობ, შემოსული ტურისტების მხრიდან; ასე რომ, იყავით მშვიდად, ნუ აყვებით პანიკას. თუკი ვინმეს აგენტების შემოგზავნა უნდა, ამას არ სჭირდება ცხრაასი ათასი ვიზიტორის შემოშვება, ამას სჭირდება 500-200-100 კაცის შემოშვება, რადგანაც არ არსებობს, 1 000-2 000 და 3 000 აგენტი ვინმემ შემოუშვას ქვეყანაში” – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
წყარო: 1tv.ge