“ხალხის ძალა”: გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრობა პოლიციის დაზიანებისა და მოშლის მიზნით მოითხოვა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა” წევრები: სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი მორიგ განცხადებასს ავრცელებენ. სადაც საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ყოფილი პრემიერის, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის გიორგი გახარიას საქმიანობას აკრიტიკებენ.

“გახარიას „ბასიანში“ შესვლას თავის დროზე გუნდშიც სერიოზული კრიტიკა მოჰყვა, განსაკუთრებით კახა კალაძის მხრიდან, რომელიც თავის სამართლიან აღშფოთებას ყველაზე აქტიურად გამოხატავდა. რაც თავიდან ავანტიურისტული შეცდომა გვეგონა, სრულიად შეგნებული დანაშაული აღმოჩნდა. როგორც ჩანს, „ბასიანში“ შესვლის მთავარი მიზანი ახალგაზრდებში პოლიციის იმიჯის შელახვა და პოლიციელების მიმართ აგრესიის გაჩენა იყო და ეს დავალება გახარიამ პირნათლად შეასრულა.

პოლიციის იმიჯის შესალახად და დასაკნინებლად ჩატარდა პანკისის სპეცოპერაციაც, სადაც გახარიამ სპეცრაზმი არასწორ დროს შეიყვანა და არასწორი დავალებებით ამოქმედა. ყველას კარგად გვახსოვს უმძიმესი სურათი მძიმედ დაშავებული პოლიციელებითა და განადგურებული სპეცტექნიკით. რაც შეცდომა გვეგონა, ამ შემთხვევაშიც შეგნებული დანაშაული აღმოჩნდა, რომელიც ასევე პოლიციის სისუსტის ხელოვნურად წარმოჩენასა და მისი რეპუტაციის შელახვას ემსახურებოდა.

რატომ ასროლინა გახარიამ დამიზნებით რეზინის ტყვიები ჟურნალისტებზე და შტურმიდან მოშორებით მყოფ ადამიანებზე, ეს ცალკე განხილვას საჭიროებს. რა თქმა უნდა, მიზანი აქაც პოლიციის იმიჯის დაზიანება და მის მიმართ მოსახლეობაში აგრესიის გაჩენა იყო.

საბოლოოდ, როგორც გაირკვა, უცხო ქვეყნის სამსახურში ჩადგომის შემდეგ, გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრობა სწორედ პოლიციის დაზიანებისა და მოშლის მიზნით მოითხოვა.” – ნათქვამია ხუნდაძის, სუბარის, ყაველაშვილისა და მაჭარაშვილის განცხადებაში