სამწუხაროდ, პრეზიდენტმა დაიგვიანა ამ თემაზე საუბრით და ქმედებებით, ამაზე მეც და „ლელოც“ მუდმივად ვსაუბრობთ, რადგან ქვეყანა მაშინ შედგება, როდესაც ერთად თანაცხოვრებას შევძლებთ, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა ეროვნულ თანხმობაზე სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა.
„ეს პრეზიდენტის ინიციატივა არ არის, სამწუხაროდ პრეზიდენტმა დაიგვიანა ამ თემაზე საუბრით და ქმედებებით. ამაზე მეც და „ლელოც“ მუდმივად ვსაუბრობთ, რადგან ქვეყანა მაშინ შედგება, როდესაც ჩვენ ერთად თანაცხოვრებას შევძლებთ.
უკიდურეს პოზიციებს, რომ იკავებენ ხოლმე, თითქოს ეს საქმეს სჭირდება, შემდეგ ის უშლის ხელს ეროვნულ თანხმობას. გასული საპრეზიდენტო არჩევნების საარჩევნო კამპანია ეს იყო ყველაზე უფრო დამაზიანებელი ერთი კონკრეტული მოვლენა თანხმობის მიღწევისთვის. ამიტომ კარგია, თუ ახლა პრეზიდენტი უერთდება ამ ამოცანას“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
კითხვაზე, აქვს თუ არა პრეზიდენტს არბიტრის შესრულების რესურსი, უსუფაშვილმა განაცხადა – „ამაზე არ ვფიქრობ. ვფიქრობ იმაზე, რომ „ლელოს“ ჰქონდეს სერიოზული წონა. პრეზიდენტს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციები აქვს და ვუსურვებ, ეს ყველაფერი კარგად შეასრულოს“.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა: „ეროვნული თანხმობა არის და მუდმივად იქნება ჩემი ძალისხმევა, ეს ჩემი ახირება არ არის, საზოგადოების დაკვეთაა“.