გერმანიის პრეზიდენტი გერმანიაში უსახლკაროების მზარდი რაოდენობის შესახებ აფრთხილებს

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გააფრთხილა გერმანიაში უსახლკარო ადამიანების რაოდენობის გაზრდის შესახებ ქირისა და დამატებითი საყოფაცხოვრებო ხარჯების გაზრდის გამო. შტაინმაიერის გამოსვლა პრეზიდენტის ვებგვერდზე კვირას, 11 სექტემბერს გამოქვეყნდა.

უსახლკაროების პრობლემა მწვავდება მოახლოებული “კრიზისული ზამთრის” და სურსათზე, ელექტროენერგიასა და გათბობაზე ფასების მატების ფონზე, – ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა უსახლკაროთა დღესთან დაკავშირებით საკუთარ რეზიდენციაში საუბრისას.

პრეზიდენტის თქმით, გერმანიაში 300 000-ზე მეტ ადამიანს არ აქვს საკუთარი საცხოვრებელი. მათგან თითქმის 180 000 თავშესაფრებში ცხოვრობს, დაახლოებით 45 000 კი იძულებულია გამუდმებით ღამე ქუჩაში გაატაროს. “არსებობენ ლტოლვილები, რომლებიც აგრძელებენ ცხოვრებას საერთო საცხოვრებლებში, და ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ნათესავებთან ან ნაცნობებთან”, – თქვა შტაინმაიერმა.

“300,000-ზე მეტი ძალიან ბევრია. უახლოეს თვეებში ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. ომმა და კრიზისებმა შეიძლება გამოიწვიოს ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტი ადამიანის საცხოვრებელის გარეშე დარჩენა შემოდგომაზე და ზამთარში”, – გააფრთხილა პრეზიდენტმა. მისი თქმით, რისკის ჯგუფში შედის დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანები და ოჯახები, რომლებიც ვეღარ იხდიან ქირის ან დამატებით ხარჯებს გაძვირების გამო.

გერმანიის ხელისუფლების მიზანია 2030 წლისთვის გერმანიის ყველა მკვიდრისთვის საცხოვრებელი ფართი უზრუნველყოს, განაცხადა შტაინმაიერმა.

ივლისში გერმანიის ფედერალურმა სტატისტიკურმა სამსახურმა განაცხადა, რომ იანვრის ბოლოსთვის ქვეყანაში დაახლოებით 178 000 ადამიანი ცხოვრობდა თავშესაფრებში, საერთო საცხოვრებელში და დროებით საცხოვრებელ ადგილებში. ამასთან, სააგენტომ არ გაითვალისწინა ისინი, ვინც თავშესაფარი იპოვა მეგობრებთან, ოჯახთან ან ნაცნობებთან, ასევე ქუჩაში მცხოვრები უსახლკაროები.

კვლევამ აჩვენა, რომ უსახლკაროების საშუალო ასაკი 32 წელია. უსახლკარო ადამიანების 37 პროცენტი 25 წლამდე ასაკისაა, თითქმის 5 პროცენტი 65 წელზე უფროსია.