კახა კალაძე „ეფ-ეს-ბესთან“ თანამშრომლობაზე – ეს ძალიან დიდი აბსურდი და სრული სისულელეა

ეს ძალიან დიდი აბსურდი და სრული სისულელეა, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე სოსო გოგაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქართველი მაღალჩინოსნები და საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლები რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს ხვდებოდნენ.

კალაძის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაციის მტკიცებულებები არ არსებობს.

„ამის მტკიცებულებები რომ არსებობდეს, რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. განცხადებები ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააკეთოს. ეს განცხადებები დაფუძნებულია აბსურდზე და არაფერზე, შესაბამისად ეს არაფერს ნიშნავს. თქვენც შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი განცხადება, ხართ ტელევიზიის წარმომადგენელი, გამოხვიდეთ ტელევიზიით, გამოიყენოთ თქვენი პლატფორმა, თქვათ რაიმე სისულელე და ეს არ ნიშნავს იმას, რომ შესაბამისმა უწყებებმა დაიწყოს გამოძიება. ამისთვის არსებობს სახელმწიფო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა აღწერა სქემა, რომლითაც მისი მტკიცებით, ქართული და რუსული სპეცსამსახურების კოორდინაციით, სანქციების გვერდის ავლით, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის გამოყენება ხდება. მისი განცხადებით, არალეგალური და კონტრაბანდული ტვირთების მოძრაობის უზრუნველყოფაში ჩართულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო (საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო სააგენტოები). გოგაშვილის მტკიცებით, ეს სისტემა დღემდე გამართულად მუშაობს და როდესაც რაიმე ტვირთი გასატარებელია, საპატრულო პოლიციასა და საბაჟო დეპარტამენტში შეტყობინებები მიდის, რათა მათი შემოწმება არ მოხდეს, ხანდახან კი ტვირთები ისე გადის, რომ საზღვარზე საერთოდ არ ფიქსირდება. მისივე თქმით, ახლა კოორდინაციაში სუს-ის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილია, რომელიც კავშირს სანდო ოფიცრების საშუალებით ახორციელებს.

სოსო გოგაშვილი ასევე საუბრობს იმაზე, თუ როგორ დალაგდა ეს სქემა. მისი თქმით, 2016 წელს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ის ვლადიკავკაზში „ეფ-ეს-ბე-ს“ საიდუმლო ბაზაზე იმყოფებოდა, სადაც „ეფ-ეს-ბე-ს“ გენერალ სედოვს შეხვდა.

„შეხვედრის მიზანი იყო ქვედა დონის მოკავშირე ოფიცრების ურთიერთობის აწყობა, შესაფერისი სანდო პირების გამოყოფა, მათი ერთმანეთთან დაკავშირება, ასევე არალეგალური და კონტრაბანდული ტვირთებისათვის უსაფრთხო დერეფნების უზრუნველყოფა, მათი რეკომენდაციით რუსეთის მოქალაქეებზე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება, ბიზნესის დაწყებაში დახმარება, ასევე საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების, რომლებიც არ იყვნენ სასურველი პირები და იძებნებოდნენ, მათი არალეგალურად გადაცემა რუსეთისათვის. შემდეგ როგორც დაიგეგმა, ჩაინიშნა ჩვენი უფროსების შეხვედრა, რომელიც შედგა იგივე ქალაქში და გაგრძელდა 3 საათი. მე ამ შეხვედრაზე არ ვყოფილვარ, ჩემი უფროსი, ვახტანგ გომელაური ჯერ გაემგზავრა მანქანით, მაგრამ თოვლის ჩამოწოლის გამო გზაზე შეფერხება იყო და მობრუნდა, დამირეკა გზიდან და ნინო გიორგობიანის საშუალებით, „აირზენას“ მოვამზადებინე თვითმფრინავი – “ბოინგ 737” ჩარტერისათვის და მოხდა გადაფრენა. ბორტმა პირველ ჯერზე დაჯდომა ვერ შეძლო და გააკეთა რამდენიმე წრე, რომ დამჯდარიყო ვლადიკავკაზის აეროპორტში“, – აცხადებს გოგაშვილი.

გოგაშვილის განცხადებით, ამ შეხვედრების შემდეგ, 2017 წლის ნოემბერში საქართველოში „ეფ ეს ბეს“ ორ გენერალს – სედოვს და ბესედას უმასპინძლეს, დეკემბერში კი ქართული მხარე ოფიციალური მიწვევით მინსკში იმყოფებოდა, სადაც ვახტანგ გომელაური და ბორტნიკოვი ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდნენ.