სხვა არჩევანი რომ არ დამიტოვოს განგებამ – მირჩევნია ერთხელ და კომუნისტად დავიბადო, ვიდრე ასჯერ და “ნაცად”!

ფეისბუკზეც და მის გარეთაც ჩემს მიმართ აქა-იქ გაისმის ბრალდებები იმაში, რომ მე, თურმე, რუსოფილი (რუსეთუმე) და საბჭოთაფილი ვარ. თავს ვალდებულად მივიჩნევ მოკლედ ვუპასუხო ამ ტიპის ბრალდებებსა და არამკითხე “კრიტიკოსებს” (სინამდვილეში კი “იარლიყების მიმწეპებლებს”) – რათა მეტი სიცხადე შევიტანო ჩემს ამ უმადურ პერსონალურ “საქმეში”.

1) მათი აზრით, მე რუსეთუმე ვარ, რადგან ვბედავ და ხმამაღლა ვამბობ (და არა მარტო ვამბობ, ვწერ კიდეც), რომ საქართველოსა და ქართველ ხალხს – თუ მას ამ მღვრიე სამყაროში გადარჩენა და მშვიდობიანი განვითარება სურს, – რუსეთთან და რუს ხალხთან ურთიერთობის მოგვარების გარდა სხვა გზა არა აქვს. ალტერნატივა ამას როგორ არ გააჩნია – გააჩნია! ესაა საქართველოს ტერიტორიის საომარ პოლიგონად ქცევა და ჩვენი დაღუპვა (ღმერთმა ნუ ქნას!), რადგან კრიტიკულ ჟამს ვერავითარი ნატო ვერ გვიშველის!
ჩვენი “მედასავლეთე პოლიტიკური ბომონდი” (ისიც მხოლოდ მისი ნაწილი) სავარაუდოდ მოასწრებს თვითმფრინავში ჩაჯდომასა და გაქცევას, მაგრამ სხვები? ნუ კიდევაა რაღაც-რაღაცა წვრილმანები – მაგალითად, მიმაჩნია, რომ დღეს რაც ხდება უკრაინელებსა და რუსებს შორის, ტრაგედიაა, რომელშიც არც ერთი მხარე არაა ბოლომდე მართალი, რომ რუსი მწერლების კითხვა ქართულ თარგმანებში არაადეკვატური საქციელია, არ მძულს რუსები, პატივს ვცემ მათ ენასა და კულტურას, თუმცა ამასთან მიმაჩნია, რომ პუტინის მთავრობას საბჭოთა მთავრობა სჯობდა, ადრე თუ გვიან პუტინს მოუწევს წასვლა, რუსეთში დამყარებული წყობა – როგორც ბანდიტური 90-იანი წლების პირმშო – მთლიანად შესაცვლელია და ა.შ.
2) მათი აზრით, საბჭოთაფილიც ვარ, რადგან ვბედავ და ხმამაღლა ვამბობ (და არა მარტო ვამბობ, ვწერ კიდეც), რომ საბჭოთა კავშირსა და სოციალისტურ წყობას, გარდა თანმდევი მინუსებისა, ჰქონდა თანმდევი პლიუსებიც. კერძოდ, არასოდეს ყოფილა საბჭოთა დროს (50-იანი წლების მეორე ნახევრიდან მაინც) მეცნიერი და ხელოვანი ადამიანი, განსაკუთრებით კი მწერალი, ესოდენ დამცირებული, დაჩაგრული, დაკნინებული და ოლიგარქების კეთილგანწყობაზე დამოკიდებული და მათი ხელში შემყურე, როგორც დღეს, ე.წ. “დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის” დროს. ადრე მას, ასე თუ ისე, ავად თუ კარგად, სახელმწიფოსა და საზოგადოებასთან ჰქონდა საქმე და მათგან ელოდა შექებასა თუ აუგს… აღარ ჩამოვთვლი ცნობილ და გრანდიოზულ აღმოჩენებს მეცნიერებაში თუ შედევრებს ხელოვნებაში, რაც მაშინ შეიქმნა და რომლების არათუ მიმსგავსებული, ოდნავ მიახლოებული მიღწევებიც კი, განვლილმა სამმა ათეულმა წელმა ჩვენში ვერ მოიტანა (და, ალბათ, ვერც შემდგომში მოიტანს – ყველაფერი თუ ასე გაგრძელდა).
3) რაც კიდევ უფრო საკვირველი და საგულისხმოა, ამ ტიპის კრიტიკა მესმის არა მარტო “ნაცებისგან” (აქ ყველაფერი მეტ-ნაკლებად გარკვეულია), არამედ ვითომ დემოკრატიული აზროვნების ადამიანებისგან. არავის მინდა მივაყენო დაუმსახურებული შეურაცხყოფა, მაგრამ მსგავსი არაარგუმენტირებული იარლიყების მიწეპება მოსალოდნელია ან ჭკუანაკლული იდიოტებისგან (რისაც, გითხრათ მართალი, ნაკლებად მჯერა), ან სრული კონფორმისტებისგან და ფარული “ნაცებისგან” (ასეთები კი ბლომადაა განფენილი ყველა პარტიაში). იმასაც დავძენ, რომ ამ “კრიტიკოსების” უდიდესი უმრავლესობა შესანიშნავად გრძნობდა თავს სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის ფრთებქვეშ და “იმ ცხრა წლის” განმავლობაში “ნაცებისა” და სააკაშვილის საწინააღმდეგო წკრუნიც კი მე მათგან, უმცირესი გამონაკლისის გარდა, არ მომისმენია (ყოველ შემთხვევაში, დაწერილი, ჩამოყალიბებული და გამოქვეყნებული სახით).
4) დარჩა კიდევ გასული საუკუნის 80-90-იან წლებში სამუდამოდ ჩარჩენილთა და პრიმიტიული ნაციონალიზმით შეპყრობილთა მცირე ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც იმდენად პატიოსნები მაინც აღმოჩნდნენ და იმდენი სინდისი მაინც ეყოთ, რომ “მიშისტურ სექტას” არა და არ შეუერთდნენ. მაგრამ ისინი დღეს აშკარა უმცირესობაში არიან და მათ შესახებ აქ არ ვწერ. არ ღირს.
ჰოდა, რაც შეეხება ზემოხსენებულ კონფორმისტებსა და “იარლიყების მიმწეპებლებს” – როგორც ჩვენი სომეხი ძმები ასეთებზე ამბობენ – “აჩკიც ხერუ!”, რუსი ტურისტები კი – “с глаз долой, из сердца вон”.
გ.ლ.
P.S. კომპარტიის წევრი არასოდეს ვყოფილვარ და “რადიკალურ კომუნიზმში” ბევრი რამ მიუღებელია ჩემთვის, მაგრამ დიდი ისტორიული მიმდინარეობებისა და ადამიანების შეფასებისას მთავარი მაინც მოტივაცია მგონია. ამიტომ – სხვა არჩევანი რომ არ დამიტოვოს განგებამ – მირჩევნია ერთხელ და კომუნისტად დავიბადო, ვიდრე ასჯერ და “ნაცად”! ?

მწერალი გოგი ლორთქიფანიძე; სოციალური ქსელი