წელს აზერბაიჯანმა საქართველოში 1,7 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განახორციელა

იანვარ-აგვისტოს პერიოდში აზერბაიჯანმა საქართველოში 1,7 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განახორციელა. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, ფარვიზ შაჰბაზოვმა Twitter-ზე დაწერა, რასაც Trend ავრცელებს.

მინისტრი წერს, რომ ქვეყანამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბუნებრივი გაზის ექსპორტი 23%-ით გაზარდა.

მისი მონაცემებით, მთლიანობაში ევროპაში ქვეყნიდან 7,3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიქაჩა. აქედან თურქეთში ექსპორტირებული გაზის მოცულობამ 5,4 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.

აზერბაიჯანმა სულ 30,6 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი აწარმოა, რაც 2021 წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებელზე 9,7%-ით მეტია. აქედან 14,4 მილიარდი კუბური მეტრი გაზი ექსპორტირებულია.