ევროპის ერთ-ერთ უმდიდრეს ქვეყანაში, ნიდერლანდების სამეფოში (ჰოლანდია) შხაპის ქვეშ გატარებული წუთების (ან წამების) გასაზომად მრიცხველები გამოჩნდა. ამის შესახებ ამერიკული Wall Street Journal იუწყება.
გაზეთში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, წუთმზომების დარიგება არის ნიდერლანდების ხელისუფლების არასტანდარტული მცდელობა, ენერგოშემცველების უპრეცედენტო კრიზისის ფონზე, რომელიც ანტირუსულმა სანქციებმა გამოიწვია, მოხდეს ენერგიის დაზოგვა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის ერთ-ერთ პროვინციაში ხელისუფლება თავად ურიგებს მოსახლეობას ამ ე. წ. ტაიმერებს.
ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ენერგიის ღირებულებამ ჰოლანდიური შინამეურნეობებისთვის, წლევანდელ აგვისტოში, საშუალოდ 503 ევრო შეადგინა მაშინ, როდესაც 2021 წლის აგვისტოში მხოლოდ 142 ევროს დონეზე იყო.
როგორც ფასების შედარების ვებგვერდის – «Pricewise»-ის გენერალური დირექტორი ჰანს დე კოკი იუწყება, ფასი ახლო მომავალში სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება იქედან გამომდინარე, რომ რუსეთმა გაზის მიწოდება ევროპაში “ჩრდილოეთის ნაკადი 1”-ის საშუალებით შეწყვიტა.