ძალიან სამწუხაროა, რომ გიორგი ვაშაძე ასე ფიქრობს და ასეთი უცნაური პოზიცია აქვს, რადგან „ქართულ ოცნებასთან“ რიგითი მოლაპარაკებები არ მიდის. საუბარია იმაზე, საქართველო აიღებს თუ არა ბილეთს, ევროკავშირის წევრობისას, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, იმისათვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს 12 პუნქტი უნდა შესრულდეს და თან ერთობლივად.
„ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია სახალხო დამცველის კანდიდატურაზე შეჯერება, რადგან ორივე მხარის ხმაა საჭირო. ამ პროცესს რომ ვაშაძე ფარსს ეძახის, ლოგიკურად გამოდის, რომ მას არ უნდა, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს და მას ევროპული არჩევანი არ უნდა. ამაზე მარტივად, რა შეიძლება ითქვას? მიმაჩნია, რომ თავად არის გაუგებრობით დაკავებული და კარგი იქნება, ამ ქვეყნის მომავალზე დაფიქრდეს. დაგვიღეჭეს და გვითხრეს, რომ ეს პუნქტები შევასრულოთ. ეს ყველაფერი არის პროცესის დამაზიანებელი და ქვეყნის პერსპექტივის. ამ ყველაფერს რატომ აკეთებს, არ ვიცი, ალბათ უნდა, „ნაციონალების“ გული მოიგოს, რომ ყველაზე რადიკალია“, – განაცხადა ელისაშვილმა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ განაცხდა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ მიიღებს მონაწილეობას იმ თაღლითურ სქემაში, „რომელსაც „ქართული ოცნება“ აბლაბუდასავით ხლართავს“. ვაშაძის განცხადებით, სახალხო დამცველის შერჩევის კანონპროექტი შექმნილია იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სამოქალაქო სექტორის მიერ წამოწყებული პროცესი ჩაშალოს“.