„დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე ბრალდებულ გრიგოლ დოჩიას, ბრალი დაუზუსტდა და 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლი მოეხსნა. ამრიგად, ბრალდების მხარე გრიგოლ დოჩიას 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, ასევე 150-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილ დანაშაულს ედავება რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის და ორი, ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იძულებას გულისხმობს.
პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განმარტებით, 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლი საქმეში ზედმეტად იყო წარმოდგენილი. მისივე თქმით, განზრახ მკვლელობის მუხლის მოხსნით, ბრალდებულის მდგომარეობა არ შეიცვლება, რადგან განზრახ მკვლელობის მცდელობა არასრულწლოვანისა და ორი ან მეტი პირის მკვლელობის მცდელობა 16-20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
,,წარდგენილი ბრალდება უნდა დაზუსტდეს და ამოირიცხოს 108-ე მუხლი. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მდგომარეობა, რომ ერთი მუხლი მოაკლდება, არ იცვლება. განზრახ მკვლელობის მცდელობა არასრულწლოვანისა და ორი ან მეტი პირის მკვლელობის მცდელობა ითვალისწინებს 16-20 წლამდე ან უვადო პატიმრობას. მიგვაჩნია, რომ 108-ე მუხლი, რომელიც ზედმეტად არის წარმოდგენილი უნდა ამოირიცხოს გრიგოლ დოჩიას საქმიდან. ბრალდების მხარეს ნებისმიერ სტადიაზე აქვს უფლება დააზუსტოს ბრალი”, – განმარტა ლევან ვეფხვაძემ.
გრიგოლ დოჩიას ადვოკატის, სულხან კომახიძის განცხადებით, 108-ე მუხლის ამორიცხვის ერთადერთი მიზანია, რომ გრიგოლ დოჩიას საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა არ განიხილონ.
,,ამ დარბაზში გონებრივად მოაზროვნე ყველა პირი, იურისტი თუ არაიურისტი ხვდება რასთან გვაქვს საქმე. მას ბრალი წარედგინა იმ მუხლით, რომლითაც შეეძლო მიემართა ნაფიც მსაჯულებისთვის. მან გამოიყენა ეს უფლება და სასამართლოში მიმდინარეობდა ნაფიც მსაჯულთა შერჩევა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბრალდების მხარეს ბრალის დაზუსტება სურს. ამის დაშვებით ვუშვებთ ძალიან საშიშ პრეცედენტს, სასამართლოში ერთადერთი ნათელი წერტილია არსებობდეს ნაფიც მსაჯულთა განსჯადობა. რაიმე შეიცვალა ამ საქმეში, რომ დოჩიას ბრალი დაუზუსტდა? აკეთებთ იმას, რომ ბრალდებულს ჩამოერთვას უფლება მისი საქმე განიხილონ ნაფიცმა მსაჯულებმა. 108-ე მუხლის ამორიცხვის ერთადერთი მიზანია, რომ საქმე არ განიხილონ ნაფიცმა მსაჯულებმა”, – აღნიშნა სულხან კომახიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქმის მასალების თანახმად, გრიგოლ დოჩიას მიმდინარე წლის 27 აპრილს, თბილისში, ე.წ. „დირსის დასახლებაში“, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სახლიდან ჩამოტანილი ცივი იარაღით, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, სხეულის სხვადასხვა მიდამოში, ჭრილობები მიაყენა 4 პირს, მათ შორის, ერთ არასრულწლოვანს. მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ხოლო დანარჩენი პირები საავადმყოფოში გადაიყვანეს.