In Memoriam: გარდაიცვალა რუსეთის დიპლომატიური მისიის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში

სამწუხარო ინფორმაცია მივიღე რუსეთიდან: გარდაიცვალა ევგენი ივანეს ძე კონიშევი – შვეიცარიის საელჩოს ეგიდით მოქმედი რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელი საქართველოში (2017-2020 წლებში).

სურათზე: ევგენი კონიშევი (ცენტრში), სერგო ტაბაღუა (მარჯვნივ), სოსო ქორიძე

 

ელჩი ევგენი კონიშევი მტკიცე ხასიათის, მეტად მომთხოვნი, საქმეში კონკრეტიკის მოყვარული ადამიანი იყო. მისი საქართველოში მოღვაწეობის პერიოდი პროვოკატორების გააქტიურებას დაემთხვა – 2019 წლის ე. წ. “გავრილოვის მოვლენები” და მის შედეგად წარმოშობილი პოლიტიკური კრიზისი. შემდეგ იყო მსოფლიოში გამოცხადებული პანდემიით გამოწვეული პრობლემები. ყველა ამ კრიზისული ვითარების ფონზე ევგენი კონიშევი ღირსეულად გამოიყურებოდა.

პირველი კონტაქტი ბატონ ელჩთან მქონდა ბათუმში, როდესაც იგი, ჩვენი ბათუმელი კოლეგისა და მეგობრის, ბ-ნი სოსო ქორიძის მოწვევით, სპეციალურად ჩამოვიდა დიდი სამამულო ომისა და ბერლინის შტურმის მონაწილესთან – სერგო ტაბაღუასთან შესახვედრად, რომელსაც საგანგებო ვითარებაში დაკარგული №437715 მედლის (“ბერლინის გმირული შტურმისა და აღებისთვის”) ასლი ჩამოუტანა – ასლი მედლისა, რომელიც ასე ძვირფასი იყო  ხანდაზმული ქართველი ვეტერანისათვის. ეს მისია ელჩმა დიდი სიამოვნებითა და პასუხისმგებლობით იკისრა. “მამაჩემიც დიდი სამამულო ომის ფრონტელი იყო, ეს საქმე ჩემთვის წმინდაა, ამიტომ მინდა, პირადად დავუბრუნო ჯილდო ომის ვეტერანს” – მითხრა ბატონმა ევგენიმ პირად სატელეფონო საუბარში.

ბატონი ელჩის გულწრფელი სიხარული გამოიწვია 2019 წლის 9 მაისს საქართველოში პირველად განხორციელებულმა “საქართველოს უკვდავი ჯარის მსვლელობამ” ჭავჭავაძის გამზირზე, რომელიც ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან დასრულდა. რუსეთის დიპლომატები, ევგენი კონიშევის ხელმძღვანელობით, ჩვენზე ადრე მივიდნენ მონუმენტთან, ყვავილებით. ეს მათ გააკეთეს იმისდა მიუხედავად, რომ დასავლური სტრუქტურების მიერ დაფინანსებული პროვოკატორები საზეიმო ღონისძიების ჩაშლას ცდილობდნენ. თუმცა უსიამოვნო მომენტები ჩვენმა შეხვედრამ გადაფარა – “საქართველოს უკვდავი ჯარის” მონაწილეები მსვლელობით მივიდნენ უცნობი ჯარისკაცის საფლავთან, პატივი მიაგეს მას და გულმხურვალედ მიესალმნენ რუს დიპლომატებს. ადგილზე შედგა გაცნობითი ხასიათის, მეგობრული საუბრები, გადავიღეთ ფოტოსურათები, თან გვახლდნენ ნორმალური ჟურნალისტებიც, რომლებმაც ეს მოვლენები გააშუქეს.

ეს და სხვა კეთილი მოგონებები გაანათლებს ევგენი კონიშევის ხსოვნას. უფალმა დაუმკვიდროს მარადიული სასუფეველი მის სულს.

 

გულბაათ რცხილაძე

“საქართველოს უკვდავი ჯარის” მსვლელობის ორგანიზატორი, პოლიტოლოგი, გერმანისტი