ბრუკლინის კონი აილენდზე უგონო მდგომარეობაში სამი მცირეწლოვანი ბავშვი იპოვეს. NBC New York-ის ცნობით, ისინი მოგვიანებით დაიღუპნენ.
მათი დედა სახლიდან ორი მილის დაშორებით სანაპიროზე ფეხშიშველი იპოვეს. ხელისუფლების განცხადებით, ის დაკითხვაზეა.
ოჯახის შეშფოთებულმა წევრმა 911-ში 01:40 საათზე დარეკა. იგი შიშობდა, რომ ნეპტუნის გამზირზე მდებარე ბინაში მცხოვრები 30 წლის დედა სამ მცირეწლოვან შვილს ზიანს მიაყენებდა. ამის შესახებ ნიუ-იორკის პოლიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს. პოლიცია ნათესავის მიერ მითითებულ ბინაში მივიდა.
კარი არავინ გააღო, როცა დააკაკუნეს, მაგრამ იგი დაკეტილი არ აღმოჩნდა. პოლიციას შენობაში დაუპირისპირდა მამაკაცი, რომელმაც თავი წარმოადგინა, როგორც სამი შვილიდან ერთ-ერთის მამა, მან ასევე განაცხადა, რომ ბავშვების გამო შიშობდა და პოლიციას უთხრა, რომ შესაძლოა, დედა შვილებთან ერთად სანაპიროზე ყოფილიყო.
დაიწყო სრულმასშტაბიანი ძებნა. პოლიციამ სანაპირო, ქუჩები და ადგილობრივი საავადმყოფოები მოიარა.
დაახლოებით 90 წუთის შემდეგ 911-ში კიდევ ერთი ზარი შევიდა ამ საქმეზე და პოლიცია წავიდა ბრაიტონის მე-6 ქუჩაზე, სადაც დედას მიაგნეს. ის იყო ფეხშიშველი და სველი. პოლიციის ცნობით, ქალთან ერთად ოჯახი იყო, მაგრამ არა სამი შვილი.
ძებნა გააქტიურდა. მათ გამოიძახეს საავიაციო და საპორტო ქვედანაყოფები. ბავშვები უგონო მდგომარეობაში 35-ე ქუჩაზე, წყლის პირას, დილის 4:45 საათზე იპოვეს, 911-ში შესული საწყისი ზარიდან დაახლოებით სამი საათის შემდეგ.
ისინი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მათგან ორი გოგონა იყო – 3 თვის და 4 წლის, ხოლო მესამე – 7 წლის ბიჭი.