ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული დავით ჯიჯეიშვილი, ასევე ჯგუფურ ხულიგნობაში ბრალდებულები: გიორგი ხორავა და გიორგი კუჭავა კვლავ პატიმრობაში რჩებიან.
აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვაჟა ფუხაშვილმა მიიღო.
მოსამართლის გადაწყვეტილებით სხდომათა დარბაზიდან 10 000 -ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა ჯგუფურ ხულიგნობაში ბრალდებული 3 პირი, ასევე, ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული 2 პირი: რატი ჩაჩანიძე, ირაკლი ასლანაძე, ნიკოლოზ ბაზაძე, ოთარ კვირაია და დავით ხარისჭირაშვილი.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და 3 პირის მიმართ ძალაში დარჩა.
ადვოკატების უმეტესობა დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ.
ნიკოლოზ ბაზაძის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ უამრავი ახალი გარემოება იყო, რაც პროკურატურას უნდა გაეთვალისწინებინა. ადვოკატის თქმით, ბაზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა პენიტენციურ დაწესებულებაში გაუარესდა, რის გამოც მისი იქ ყოფნა, წამებას არ უნდა დაემსგავსოს. კაკაბაძემ მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა და ალტერნატივის სახით სასამართლოს 8000-ლარიანი გირაო შესთავაზა.
რატი ჩაჩანიძის ადვოკატმა მისი 3 000-ლარიანი გირაოს, დავით ხარჭიაშვილის ადვოკატმა 5 000-ლარიანი, ოთარ კვირაიას ადვოკატმა 10 000-ლარიანი, ირაკლი ასლანაძის ადვოკატმა მისი 10 000-ლარიანი, გიორგი კუჭავას ადვოკატმა 10 000-ლარიანი, გიორგი ხორავას ადვოკატმა
მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა.
რაც შეეხება მკვლელობაში ბრალდებულ დავით ჯიჯეიშვილის უფლებადამცველს, მას შუამდგომლობა არ ჰქონია.
ბრალდების მხარის, პროკურორ გიორგი კრავეიშვილის განცხადებით, დავით ჯიჯეიშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი არ არსებობს. ამასთან, პროკურორის განმარტებით, ჯიჯეიშვილი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა, გადააგდო დანაშაულის ჩადენის იარაღი და ტანსაცმელი.
აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის საფუძველი ბრალდების მხარემ ვერც გიორგი ხორავასა და კუჭავას მიმართ დაინახა.
სახელმწიფო ბრალდება დაცვის მხარის შუამდგომლობას ბრალდებულების: რატი ჩაჩანიძის, ირაკლი ასლანაძის,ნიკოლოზ ბაზაძის, ოთარ კვირაიას, დავით ხარისჭირაშვილის 10 0000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას დაეთანხმა, თუმცა პროკურორმა გიორგი კრავეიშვილმა დასძინა, რომ აღნიშნულმა პირებმა ჯგუფურად ჩაიდინეს ხულიგნობა.
პროკურორის თქმით, აგარაკზე სულ 33 ადამიანი იმყოფებოდა და თუკი, მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ, გამოდის, რომ ყველა უდანაშაულო იყო და „მაშინ, ვინ ვის აშველებდა“. კრავეიშვილმა დასძინა, რომ ხულიგნობაში ბრალდებულებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს და მათი ჩვენებები გამოძიებას მნიშვნელოვნად დაეხმარა.
ცნობისთვის, დაკავებულ რვავე პირს ბრალი ოფიციალურად 30 ივლისს წარუდგინეს.
ბრალდებული 7 პირიდან 5 პირს ბრალი ჯგუფური ხულიგნობით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 2 პირს ბრალდება ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება დავით ჯიჯეიშვილს, მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შემთხვევა ცხვარიჭამიაში ორი თვის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, 20 წლის მირიან კუკავა მეგობრის – ქეთათო არაბულის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რა დროსაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აღნიშნული მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, დავით ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. თავად ჯიჯეიშვილი კი მიმალვაში თითქმის ერთი დღის განმავლობაში იმყოფებოდა, მის დასაკავებლად სამართალდამცავები სამძებრო მოქმედებებს ახორციელებდნენ.