“რუსეთი კოლოსია, რომელიც თიხის ფეხებზე კი არ დგას, არამედ სტალინის მიერ ჩაყრილ მტკიცე საძირკველზე!” – გრიგოლ (გრიშა) ონიანი

საზოგადოება “სტალინელის” თავმჯდომარე, ბატონი გრიშა ონიანი დღევანდელ თავის გზავნილს, რომელიც ზოგიერთმა “თავის სასარგებლოდ გაიგო”, სოციალურ ქსელში განმარტავს:

ჩემი 13 სექტემბრის პოსტი გამგებმა გაიგო. ახლა კი განმარტებას ვაკეთებ მათთვის, ვინც ვერ გაიგო და მათ თანამოაზრედ ჩამთვალა, თუმცა მიღებაზე უარს მეუბნება.

რუსეთისადმი ჩემი გულისწყრომა და უკადრისის კადრება ჩემი რუსოფობობიდან არ გამომდინარეობს; ეს გამოიწვია იმან, რომ რუს ჯარისკაცს და „დიდი რუსი ხალხის“ (სტალინი) არმიას არ ეკადრება სოფელ-სოფელ, „რაგატკების“ მსგავსად, ტიტანურ ბრძოლებგამოვლილი ქვემეხების უქმად გრიალი.

თუნდაც ნატოს გაერთიანებული შეიარაღების სრულად გამოყენების შემთხვევაში, ევროპის განმანთავისუფლებელ არმიას არ გაუჭირდება მისი განადგურება. ამიტომ, იმ ეპიზოდების ეკრანზე გამოტანა, რომელსაც დღეს რუსეთის ტელევიზია უჩვენებს, ჩემთვის შეურაცხმყოფელია.

და ეს არ შეჰფერის იაკოვლევისა და ტუპოლევის მძლეთამძლე ავიაციას, გრაბინისა და მახანოვის მიერ შექმნილ-აღიარებულ რუსულ საარტილერიო არმადას, კუზნეცოვისა და ისაკოვის ფლოტს და ლეგენდარულ სატანკო არმიების ლელუშენკოსა და რიბალკოს დიდებით გაბრწყინებულ სახელებს.
რუსეთის იმპერიას ორსაფეხურიანი ატომური ბომბი გააჩნია: ერთი, რომელიც წითელ მოედანზე სარკოფაგშია მოთავსებული, რომლის სახელის გასროლითაც ნახევარი მსოფლიო შოკში ჩავარდება, მეორე კი – საიდუმლო სარკოფაგებშია შენახული, როგორც რუსულ მიწაზე, ისე ამერიკის კონტინენტთან მიახლოებულ გასაიდუმლოებულ ადგილებში, რომელიც მოსკოვიდან ელექტრონულ სიგნალს ელოდება, რომ დედამიწის ნახევარსფერო უკუნ ღამეში მოექცეს.

მსოფლიომ და ნატომ უნდა იცოდეს, რომ რუსეთი კოლოსია, რომელიც თიხის ფეხებზე კი არ დგას, არამედ სტალინის მიერ ჩაყრილ მტკიცე საძირკველზე.

ჩემი სურვილია, ეს ძალა და ძლიერება დაინახოს როგორც რუსების მტრებმა, ისე მისმა მეგობრებმა.

 

გრიგოლ ონიანი