ყატარმა საქართველოში გაცემული მართვის მოწმობების აღიარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

ყატარმა საქართველოში გაცემული მართვის მოწმობების აღიარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ყატარში საქართველოს საელჩოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, ყატარის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოში გაცემული მართვის მოწმობების, მიმდინარე წლის 14 სექტემბრიდან, აღიარების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება გულისხმობს ყატარის ბინადრობის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის საქართველოში გაცემული მართვის მოწმობის გამარტივებული წესით შეცვლას. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ყატარის ბინადრობის მოწმობას, ყოველგვარი დამატებითი ტესტირების და სავალდებულო სასწავლო კურსის გავლის გარეშე შეძლებენ საქართველოში გაცემული მართვის მოწმობის შეცვლას და შესაბამისი კატეგორიის ყატარული მართვის მოწმობის აღებას.

– “რაც შეეხება საქართველოში გაცემული მართვის მოწმობის გამოყენებას ყატარში ტურისტულად მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიერ – პირს, რომელიც ფლობს საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობას, თან ასევე უნდა ჰქონდეს საქართველოს შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ე.წ. საერთაშორისო მართვის მოწმობა, რომლითაც ის შეძლებს ისარგებლოს ყატარში ჩამოსვლიდან 3 თვის მანძილზე. დაინტერესებულმა მოქალაქეებმა მართვის მოწმობის შესაცვლელად უნდა მიმართონ ყატარის საგზაო მოძრაობის დეპარტამენტის ცენტრალურ ოფისს“, – აცხადებენ შსს-ში.

წყარო: 1tv.ge