სამუშაო ჯგუფი მუშაობს ცვლილებებთან დაკავშირებით და იქაც იქნება ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა – პაპუაშვილი

“საინტერესოა ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის რეაქცია, თურმე არავის აღარ აქვს პრობლემა “კარუსელებთან“, ჩაყრასთან დაკავშირებით”.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ 2024 წლიდან ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესი ფართოდ დაინერგოს, ისტორიული გადაწყვეტილებაა.

პაპუაშვილის თქმით, საინტერესო რეაქცია მოისმინა ზოგიერთი ოპოზიციონერისგან, თითქოს საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით ქვეყანაში პრობლემა აღარ არსებობს.

შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ყველა, ვისაც სურს, რომ ქვეყანაში საარჩევნო პროცესები სათანადოდ და გამარტივებულად წარიმართოს, უბნებზე ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებასთან დაკავშირებული ინიციატივის გულმხურვალე მხარდამჭერი უნდა იყოს.

„საინტერესოა რეაქცია, რაც ჩვენ ვნახეთ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მხრიდან და მათ შორის ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, რომ უცებ, ერთ დღეში აღმოჩნდა, თურმე არავის აღარ აქვს პრობლემა „კარუსელებთან“, ჩაყრასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. 2020 წლიდან მოყოლებული ზოგიერთი აქტორი რასაც გვიმტკიცებდა, თითქოს გაყალბება ხდება საარჩევნო უბნებში, უცებ აღმოჩნდა, რომ სულაც არ არის საარჩევნო უბნები პრობლემა და პრობლემა სადღაც სხვაგან არის. სინამდვილეში, ვინც არის გულშემატკივარი საქართველოში არჩევნების პროცედურების მათ შორის სათანადოდ წარმართვისა და გამარტივებისა, დღეს ამ ინიციატივის გულმხურვალე მხარდამჭერი უნდა იყოს. ვინც ამ საკითხში ერკვევა, ყველა ხვდება, რომ ისტორიული გადაწყვეტილებაა, თითქმის სრულად მოხდეს გადასვლა ელექტრონულ რეგისტრაციაზე უბანში და ელექტრონული დათვლის მანქანების გამოყენებაზე.

იცით, რომ სამუშაო ჯგუფი მუშაობს ზოგად ცვლილებებთან დაკავშირებით და იქაც იქნება ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა ამ კუთხით. ამასაც საზოგადოება მალე იხილავს. საბოლოო ჯამში, თუკი ავიღებთ 2021 წლის რეფორმას და 2022 წლის რეფორმას, მათ შორის ამ გადაწყვეტილებას – ორი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და ინსტიტუტი შემოვიდა. ეს გახლდათ უბნების ხელახალი გადათვლა, რამაც ყველანაირი სპეკულაცია გამოაცალა საკითხებს დათვლასთან დაკავშირებით, ასევე, ელექტრონული მთვლელები. ვნახეთ ბათუმის გამოცდილება, თითქმის საჩივარიც კი არ დაწერილა. ყველანაირი სპეკულაციაც კი გამორიცხულია ამ საკითხებთან დაკავშირებით. ამიტომ ისევ უნდა აღვნიშნო „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხელმძღვანელი. დარწმუნებული ვარ, მისი წევრი, პაატა მანჯგალაძე სხვანაირად ფიქრობს ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ გიორგი ვაშაძისგან მოვისმინეთ ისტერიული განცხადება. მინდა, განსაკუთრებით მივმართო ჩვენს ოპონენტებს, ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება ხდება არა მხოლოდ რაღაცის ყიდვით, დადგმით, არამედ ამას სჭირდება საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მათ შორის ნდობის გამყარება ამ საკითხთან დაკავშირებით. ნდობის შერყევა ძალიან ადვილია და ნდობის გამყარება – რთული. ამიტომ ყველა პოლიტიკოსის ვალია, ამ საკითხთან დაკავშირებით იყოს კონსტრუქციული. ელექტრონული მთვლელების საქართველოში სრულად დაფარვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ისტორიულია. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი სიახლეა“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

წყარო: newposts.ge