ირაკლი ღარიბაშვილი – რუსეთი აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას, გვიწევს ბევრი პროვოკაციის თავიდან აცილება, პროცესის მართვა, რომელიც უკავშირდება ბორდერიზაციას და სხვა ბევრ პრობლემას.
რუსეთი აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას, ჩვენ გვიწევს ძალიან ბევრი პროვოკაციის თავიდან აცილება, პროცესის მართვა, რომელიც უკავშირდება ბორდერიზაციას და სხვა ძალიან ბევრ პრობლემას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეს რთული დროა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში, ვინაიდან რუსეთის გაუმართლებელი აგრესიისა და ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ უკრაინაში ვითარება რადიკალურად შეიცვალა.
„ჩვენ ვიმყოფებით საკმაოდ რთულ ვითარებაში. რთული დრო გვაქვს დღეს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში, ვინაიდან რუსეთის გაუმართლებელი აგრესიის და ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ უკრაინაში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, მათ შორის ჩვენს რეგიონშიც, მაგრამ როგორც თქვენ აღნიშნეთ, საქართველო იყო პირველი, რომელმაც გამოსცადა ასეთი ომი 2008 წელს და მას შემდეგ, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია. რუსეთი აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციას. მას შემდეგ ჩვენ გვიწევს ძალიან ბევრი პროვოკაციის თავიდან აცილება, პროცესის მართვა, რომელიც უკავშირდება ბორდერიზაციას და სხვა ძალიან ბევრ პრობლემას.
მინდა ასევე ვთქვა, რომ ჩვენ მაქსიმალური მხარდაჭერა გამოვუცხადეთ უკრაინას. ჩვენ ვართ სოლიდარული მათ მიმართ. გავაგზავნეთ ათას ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ მხარი დავუჭირეთ ძალიან ბევრ რეზოლუციას, მხარდამჭერ განცხადებას უკრაინის მიმართ და ვაკეთებთ მაქსიმუმს, რაც შეგვიძლია ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
წყარო: ptn.ge