ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე – ის არის კაცის კაცი, არა პარტიის ლიდერი, არამედ ფორმალური თავმჯდომარეა.
გახსოვთ, თვეების განმავლობაში ვიყენებდით ტერმინ უსამშობლოს და ახლაც ვიყენებთ ამ პოლიტიკური ძალის მიმართ. კაცობის დეფიციტს აჩვენებს ისიც, როცა შენ, შენს ტერმინს ვერ მოიფიქრებ და სხვისი ტერმინი გინდა შეატრიალო. ეს არის კაცობის დეფიციტის გამოვლინება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის „ფეისბუქ“ სტატუსს, სადაც ნიკა მელია წერს: „მხოლოდ რუსეთზე ღიად მომუშავე და უსამშობლო კაცი თუ გაბედავდა ასეთ გაუგონარ შედარებას! კობახიძე ისე დააბრმავა მტრის მსახურებამ, რომ იმ უდიდეს განსხვავებასაც ვერ ხედავს, რაცაა რუსეთსა და საქართველოს შორის. რუსეთი სხვა ქვეყანაში – უკრაინაში შეიჭრა და ისვრის, თავისუფალი ქვეყნის დაპყრობას ცდილობს, უკრაინა რუსეთი არაა, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კი – საქართველოა და ამ უსამშობლოს ესეც ვერ გაუგია, ან არ უნდა რომ გაიგოს!“.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ნიკა მელია „ნაცმოძრაობის“ ფორმალური თავმჯდომარეა. ირაკლი კობახიძის თქმით, ნიკა მელია არც ღირსების მატარებელია და არც სამშობლოს მოყვარული.
„რაც შეეხება თვითონ „ნაცმოძრაობას“ და კონკრეტულად მის ფორმალურ თავმჯდომარეს, რომელიც არის კაცის კაცი, ის არის არა პარტიის ლიდერი, არამედ ფორმალური თავმჯდომარე. მანაც ძალიან კარგად იცის, რეალური ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც თავად, ასევე, ძალიან ვერ იტანს. ასეთი ადამიანი ვერ იქნება ვერც ღირსების მატარებელი, ვერც სამშობლოს მოყვარული და ვერც ვერაფერი. ყველაფერი რაც უ-ზე იწყება, მიესადაგება სწორედ ამ კაცს და მის პოლიტიკურ პარტიას, რომლის ფორმალური თავმჯდომარეც ის არის” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
წყარო: 1tv.ge