ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის მოსმენა ვის რაში სჭირდება, ჩემი მოსმენა შეიძლება, საინტერესო იყოს – ბევრი ინფორმაციის მატარებელი ვარ

ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, პრეზიდენტის მოსმენა ვის რაში სჭირდება. აბსურდულია განცხადებები და ჩვენ გვიწევს კომენტარების გაკეთება. ჩემი მოსმენა შეიძლება, საინტერესო იყოს, რადგან ბევრი ინფორმაციის მატარებელი ვარ, ბევრ გადაწყვეტილებასაც ვიღებ და ბევრ ადამიანთან მაქვს კომუნიკაცია, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დასმულ შეკითხვას: „მოსმენებთან დაკავშირებით პრეზიდენტი ამბობს, რომ შეხვედრების დროს ტელეფონს გარეთ ტოვებს, რადგან უსმენენ. რას უპასუხებთ პრეზიდენტს, უსმენენ?“.

ირაკლი კობახიძის თქმით, მოსმენებთან დაკავშირებით სისტემური პრობლემა წარსულს ჩაბარდა.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იყო გარკვეული სისტემური პრობლემა, რომელიც ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს. შეგახსენებთ, რომ 2012 წლამდე, როცა ეს სისტემური უმძიმესი პრაქტიკა იყო დანერგილი, მაშინ ერთი, რომ უსმენდნენ და შემდეგ ამას პრაქტიკაშიც იყენებდნენ ადამიანების წინააღმდეგ. სწორედ ასეთი ფორმით მოქმედებდა მაშინ რეპრესიული რეჟიმი. რეპრესიული რეჟიმი დამთავრდა და ჩვენ ეს სისტემური მოსმენა არაფერში გვჭირდება, რადგან რეპრესიული რეჟიმი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ არ გვაქვს. როცა ვიღაცები პარალელს ავლებენ, ეს ცარიელი სპეკულაციაა. როცა ამას რადიკალური ოპოზიცია აკეთებს, გასაგებია, როცა პრეზიდენტი ამას უერთდება, გასაგებია, რომ მას იგივე დღის წესრიგი ამოძრავებს, რაც რადიკალურ ოპოზიციას. თქვენ გაინტერესებთ უკანონო მოსმენას ვემხრობი თუ – არა? რა თქმა უნდა, არა. რა კითხვას სვამთ, თქვენ მეკითხებით მომწონს თუ – არა უკანონო მოსმენა? რა თქმა უნდა, არ მომწონს. დამთავრდა, წერტილი, მორჩა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.