ჯანდაცვის სამინისტრო – საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის ცენტრის ბაზაზე ჩატარებული კვლევა რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის მსოფლიო გაიდლაინს ცვლის.
საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ბაზაზე ჩატარებული კვლევა რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის მსოფლიო გაიდლაინს ცვლის – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
კერძოდ, უწყების ცნობით, რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა, 20 თვის ნაცვლად, ექვსთვიანი გახდება, ყოველდღიურად მისაღები 23 აბის ნაცვლად კი, პაციენტი მხოლოდ ხუთ აბს მიიღებს.
– “კვლევის შედეგები რევოლუციური სიახლეა რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობაში. კვლევა საფუძვლად დაედო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის გაიდლაინში მოცემულ ექვსთვიან სამკურნალო რეჟიმებს.
ცვლილება, როგორც რეზისტენტული ტუბერკულოზის მართვის გლობალური სტანდარტი, 2022 წლის ბოლოს გამოქვეყნდება.
მულტიცენტრული კლინიკური კვლევა Zenix ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ბაზაზე ჩატარდა. მასში მონაწილეობდა ცენტრის კვლევითი, კლინიკური და ლაბორატორიული გუნდი, ძირითადი მკვლევრის, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ექიმის, ლალი მიქიაშვილის ხელმძღვანელობითა და კვლევების დეპარტამენტის კოორდინაციით” – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, კვლევაში რამდენიმე ქვეყნის წამყვანი მეცნიერები და მკვლევრები მონაწილეობდნენ. შედეგები მსოფლიოში უმაღლესი იმპაქტფაქტორის მქონე ჟურნალის – The New England Journal of Medicine (NEJM) -ის 2022 წლის სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა.
წყარო: itv.ge