სი ძინპინი: ჩინეთი მზად არის, რუსეთთან ერთად, მსოფლიო მდგრადი განვითარების გზაზე დააყენოს

ჩინეთი მზად არის, რუსეთთან ერთად, მსოფლიო მდგრადი განვითარების გზაზე დააყენოს, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენი დროის გლობალური მასშტაბის კოლოსალური ცვლილებების ფონზე, რომელიც უპრეცედენტოა ჩვენი დროის ისტორიაში, მზად ვართ, რუს კოლეგებთან ერთად, მივცეთ მაგალითი და ვითამაშოთ წამყვანი როლი, რომ ასეთი სწრაფად ცვალებადი მსოფლიო მდგრადი და პოზიტიური განვითარების ტრაექტორიაზე გავიყვანოთ“, – განაცხადა ჩინეთის ლიდერმა.

მანვე გამოთქვა მზადყოფნა პუტინთან აზრები გაცვალოს საერთაშორისო დღის წესრიგზე და ორმხრივი ინტერესის საკითხებზე.

რუსეთის პრეზიდენტმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ მოსკოვსა და პეკინს შორის საგარეო პოლიტიკური ტანდემი გადამწყვეტ როლს ასრულებს გლობალური და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

„ჩვენ ერთობლივად ვემხრობით სამართლიანი, დემოკრატიული და მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო კანონმდებლობაზე და გაეროს ცენტრალურ როლზე და არა ზოგიერთ წესზე, რომელიც ვიღაცამ მოიფიქრა და ცდილობს მოახვიოს სხვებს, ახსნის გარეშე, თუ რა არის ეს“, – განაცხადა პუტინმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნიპოლარული სამყაროს შექმნის მცდელობებმა ახლახან შეიძინა „აბსოლუტურად მახინჯი ფორმა” და სრულიად მიუღებელია ქვეყნების უმეტესობისთვის.

გარდა ამისა, რუსეთის ლიდერმა შეაქო “პეკინის დაბალანსებული პოზიცია უკრაინის კრიზისთან” დაკავშირებით.

პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრა სამარყანდში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში მიმდინარეობს. განხილულ მთავარ თემებს შორისაა ორგანიზაციის პოტენციალის გაძლიერება უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის სფეროში, ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, სატრანსპორტო ურთიერთკავშირის განვითარება და ორგანიზაციის კულტურული და ჰუმანიტარული განზომილების გაძლიერება.