ისე ჩანს, რომ “ნაცმოძრაობა” თვითლიკვიდაციის რეჟიმშია …

“ისე ჩანს, რომ „ნაცმოძრაობა“ თვითლიკვიდაციის რეჟიმშია“.

პარლამენტმა საშემოდგომო სესია დაიწყო, მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარემ კი ისევ ვადამდელ არჩევნებზე დაიწყო ლაპარაკი, თან იმათთან შეუთანხმებლად, ვისაც ამ საკითხის ახლა გააქტიურება ჯერ კიდევ ზაფხულის დამდეგს ჰქონდათ დაანონსებული, მეორე ნაწილი კი ისევ მასობრივი საპროტესტო აქციების გამართვას აპირებს და საყოველთაო დაუმორჩილებლობისთვის მოხალისეებს აგროვებს. რამდენად არის ეს გზები ამ ეტაპზე რელევანტური, ამ საკითხზე პოლიტიკის ანალიტიკოს თინა ხიდაშელს ვესაუბრეთ.

– სრულიად არაადეკვატურია ახლა ვადამდელ არჩევნებზე ლაპარაკი, ამ მატარებელმა უკვე ჩაიარა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ლოჯისტიკური მიზეზებით არის არაადეკვატური. ვინმეს თუ ჰგონია, რიგით არჩევნებამდე დიდი დროა, ძალიან ცდება. წელიწად-ნახევარზეა ლაპარაკი და ის კონკრეტული პარტია, რომელიც ამ მოთხოვნით გამოდის, ნაცვლად იმისა, იმ პროცესში იყოს ჩართული, რომელიც რეალურ ცვლილებამდე მიგვიყვანს, რაღაც არასერიოზულით არის დაკავებული. ამ მოთხოვნას არც ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და ეს ძალიან ცხადია… პარტიებმა კონკრეტულ საკითხებზე უნდა ითანამშრომლონ, მაგრამ ელექტორალური თვალსაზრისით პოზიციური გამიჯვნა ერთმნიშვნელოვანი უნდა იყოს. ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რა ხაზს ატარებს ის პოლიტიკური პარტია, რომელსაც მხარს უჭერს. მაგალითად, მე უნდა ვიცოდე, რა ხაზს ატარებს­ “ლელო”, რათა შემდეგ არჩევნებში ისევ მომინდეს მისი მხარდაჭერა. მაგრამ ეს არ გამორიცხავს სიტუაციურ საკითხებზე პარტიებთან თანამშრომლობას, ხშირ შემთხვევაში აუცილებელიც კია. ამიტომ როცა ვამბობ, თუ ვინმეს ჰგონია, არჩევნებამდე დიდი დროა, ძალიან ცდება-მეთქი, ამასაც ვგულისხმობ, რომ ამ განმასხვავებელი ხაზების გამოკვეთას დიდი დრო სჭირდება. ასე მარტივი არ არის უცბად სხვა რეალობაში გავიღვიძოთ.

– “ნაცმოძრაობაში” თუ ჩანს, რომ ერთ ხაზს ატარებენ… ვადამდელ არჩევნებზე საუბარი ხომ არ არის ამ გამაერთიანებელი ხაზის ძიებისთვის რაღაც ინიციატივის გამოჩენა?

– ფაქტია, არის სტატუსის შენარჩუნების­ მცდელობა, ეს ლოგიკურიცაა, მაგრამ რამდენად სწორი გზა აქვთ არჩეული, მეორე საკითხია. ისე იქცევიან, თვითლიკვიდაციის რეჟიმში ჩანან. ჩემი აზრით, ძალიან არასწორი სვლაა ახლა ამის მოთხოვნა.

– სააკაშვილის პოზიცია, რასაც მისი ადვოკატები ახმაურებენ, რომ ქართული პოლიტიკა აღარ აინტერესებს და მთავარი საქართველოდან სამკურნალოდ წასვლაა, რა გავლენას ახდენს მის პარტიაზე?

– სიმართლე გითხრათ, მისი ადვოკატების განცხადებებს მაინცდამაინც არ მივყვები. რაც შეეხება მისი წასვლის გავლენას, სააკაშვილი ქართულ პოლიტიკას არასოდეს ჩამოსცილდება, არავის არ უნდა ჰქონდეს ამის მოლოდინი. მე რომ მკითხოთ, მისი ჩამოსვლა კონტრპროდუქტიული იყო, მაგრამ მოახერხა და გარკვეულწილად ისევ ყურადღების ცენტრში დაბრუნდა, პოლიტიკური პროცესი ცოტა ხნით, მაგრამ მაინც მის გარშემო დატრიალდა. მისი ამოცანა ყოველთვის ეს იყო, მის გარეშე მიმდინარე პროცესები კი სააკაშვილისთვის საინტერესო არასოდეს ყოფილა.­ ასეთი მოქმედებები შეუნარჩუნებს თუ დააკარგვინებს მხარდამჭერებს, მისი პასუხისმგებლობაა. მე ვფიქრობ, რომ ამგვარი მოქმედებებით ის ასუსტებს საკუთარ თავსაც, საკუთარ ფლანგსაც და საკუთარ პარტიასაც. ვერ გეტყვით, რომ ეს ძალიან მაწუხებს, ნამდვილად არა. ჩემი აზრით, კონტრპროდუქტიულია მათი ამოცანებისთვის და ასეთი გზით ისინი ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან, რაც სულაც არ არის ცუდი ქვეყნისთვის. ჩემი აზრით, პრობლემა “ნაცმოძრაობაში”­ კი არ არის, პრობლემა დანარჩენ პოლიტიკურ სუბიექტებშია, რომლებიც ვერ ახერხებენ საკუთარი ხაზის, საკუთარი თავის, არჩევანის სრულფასოვნად წარმოჩენას. თუ ეს მოხერხდა, მაშინ ყველაფერი ნორმალურად წარიმართება. თუ ვერა, 2024-ში ისევ “ქართულ ოცნებას” მივიღებთ.

– რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია საკუთარი ხაზის პოზიციონირებას?

– არ ვიცი. ამის გამოსასწორებლად რამეს რომ აკეთებდნენ, ჯერ არ ჩანს. იმედია, რაღაც პროცესი მიმდინარეობს, რაც ჯერ საჯარო არ არის და შეიძლება ამ საშემოდგომო სეზონზე დავინახოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ ისევ ორსუბიექტიანი გველეშაპის დაპირისპირებას.

– ოპოზიციის ნაწილი აქციების გამართვას აპირებს. ზურა ჯაფარიძე ხალხს აგროვებს საყოველთაო დაუმორჩილებლობისთვის. თქვენი აზრით, შედეგიანი იქნება ასეთი პოლიტიკა?

– ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვის გამოყენებისთვის, მაგრამ ჩვენ პოლიტიკური უმწიფრობის ყოველდღიურ გამოვლინებებს ვუყურებთ და ძალიან მიკვირს, იმიტომ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ტრიბუნასთან დგანან და ამას ამბობენ, არ არიან გამოუცდელები, გუშინ არ დაუწყიათ პოლიტიკური საქმიანობა. რევოლუციურ განწყობებს არსად არ აანონსებენ, პირიქით, ჯერ პროცესი უნდა მიიყვანო იქამდე, რომ საზოგადოებაში გაჩნდეს საპროტესტო მუხტი­ და ამას შემდეგ შეიძლება გაუკეთო ორგანიზება. ზაფხულის სეზონის შემდეგ, მაშინ, როცა ყველაზე სუსტი და მკვდარი პოლიტიკური სეზონია, პირველ განცხადებას იმას რომ გააკეთებ, ხალხმრავალ აქციას გავმართავო, კარგ შემთხვევაში დაგცინებენ. დედამიწის ზურგზე არსად მასობრივი­ პროტესტი დაანონსებით არ აგორებულა. მასობრივ პროტესტს მოჰყვება ხოლმე პოლიტიკური ელიტის რეაგირება. მას შემდეგ, რაც “ვარდების რევოლუცია” გამოვიარეთ, 2006-7-8 წლები გამოვიარეთ, 2011-12-ის მოვლენები­ გამოვიარეთ, უცბად 2022 წელს პოლიტიკოსების ნაწილმა აღმოაჩინა, რომ პროცესი იმ ყველაფრის საპირისპიროდ უნდა წარმართონ, რაც ოდესმე წარმატებული ყოფილა. ასე არ ხდება, მოწოდებით ადამიანი არ ბრაზდება. ჯერ ბრაზდება და მერე მოწოდებაზე გამოგეხმაურება, რადგან შენი და მისი ბრაზი ემთხვევა ერთმანეთს.

– ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულება­ ყველამ მთავარ ამოცანად დაასახელა. ოპოზიცია იქცევა­ ისე, რომ ეს მისთვის მართლაც მთავარი ამოცანაა?

– ამაზე კოლექტიური ოპოზიციური პასუხი არა მაქვს, ზოგი კი და ზოგი არა. კოლექტიური ალეკო ელისაშვილი ერთნაი­რად იქცევა, “ნაცმოძრაობა” – მეორენაირად, დანარჩენები – სხვანაირად. ეს არის, ასე ვთქვათ, სამი სხვადასხვა ტიპის სამოქმედო ხაზი. საბოლოოდ ვისი გზა გაამართლებს, ვინ უფრო მეტად მოახერხებს იმას, რომ რაც შეიძლება შედეგიანი იყოს ეს პროცესი, ამას მომავალი გვიჩვენებს. მაგრამ პროცესიდან ჩახსნა, ბოიკოტზე ლაპარაკი, რაც ზოგიერთმა პარტიამ გააკეთა სესიის გახსნამდე, არაპროდუქტიულია, უშედეგოა ამ ეტაპზე. ვისურვებდი ზოგჯერ მაინც შეთანხმებულად წარმართონ პროცესი. მშვენიერი პლატფორმაა საქართველოს ევროკავშირში გაწევრების გზა. საზოგადოების განწყობაც ნათელია. ეს არ არის რომელიმე პარტიის დღის წესრიგის ამოცანა. ის გაცილებით დიდია, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგი. ამიტომ ყველამ უნდა გადააბიჯოს პერსონალურ სიბრაზეებს, გუშინ მე ასე ვთქვი და ახლა სხვანაირად როგორ მოვიქცეო და ყველაფერი გააკეთოს, რომ რაც შეიძლება­ მეტი სარგებლით დასრულდეს 12-პუნქტიან გეგმაზე მუშაობა პარლამენტში. თუ არ გაჩნდა განცდა, რომ ეს ჩვენი, ყველას პროცესია, ყველას გამარჯვებაა, არაფერი გამოვა.

წყარო: kvirispalitra.ge