მიხეილ ყაველაშვილ აშშ-ს ელჩზე: “კინზინგერი თუ იძახის, ეს მისი უფლებაა და მიხეილ ყაველაშვილი თუ იძახის, ეს არის რუსული ნარატივი” – ეს რა დამოკიდებულებაა, ამას ვერ მივიღებთ

სასაცილოა, ვინმემ რუსული საქმის კეთება დაგვაბრალოს, გაუგებარი თუ არის ვინმესთვის, რუსეთი ჩვენი მტერია, ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და მასთან არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს, – აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი, რითაც აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის ბოლოდროინდელ განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური ეტიკეტი არ აძლევს ქალბატონ დეგნანს საშუალებას, რიგ საკითხებზე კონკრეტული პასუხი გასცეს, მაინც იმედი ჰქონდა, რომ კონკრეტულ პასუხებს მოისმენდა.

„მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური ეტიკეტი არ აძლევს ქალბატონ დეგნანს საშუალებას, რიგ საკითხებზე კონკრეტული პასუხი გასცეს, მაინც იმედი გვქონდა, რომ კონკრეტული პასუხები გვეცოდინებოდა, თუმცა ვერ მივიღეთ კონკრეტული პასუხები, სამწუხაროა. კიდევ ერთხელ გამოვხატავ მადლიერებას ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, ეს არაერთხელ დაგვიფიქსირებია, კელი დეგნანის მიმართაც ანალოგიურს ვაფიქსირებდით ყოველთვის. ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის სასაცილოა, რომ ვინმემ ჩვენზე რუსული ნარატივი ან რუსული საქმის კეთება დაგვაბრალოს. კიდევ ერთხელ, ვინმესთვის თუ გაუგებარია, რუსეთი ჩვენი მტერია, ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და მასთან არანაირი ურთიერთობა ჩვენ არ გვაკავშირებს. ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები უნდა დავიბრუნოთ მშვიდობით; ეს არის საქართველოს ხელისუფლებისა და ყველა მოქალაქის პოლიტიკა. გავიარეთ სხვადასხვა ომები, ვიწვნიეთ დიდი და მძიმე შედეგები და ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ მშვიდობით უნდა დავიბრუნოთ ეს ტერიტორიები. მაგრამ ჩვენ მკაფიოდ გვჭირდება, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან იყოს პირდაპირი გზავნილები და არა შემოვლითი გზით, რომ კიზინგერი თუ იძახის, ეს მისი უფლებაა და მიხეილ ყაველაშვილი თუ იძახის, ეს არის რუსული ნარატივი და გაემიჯნოს ჩვენი ხელისუფლება მიხეილ ყაველაშვილს. ეს რა დამოკიდებულებაა, ამას ვერ მივიღებთ. ეს არ არის მხოლოდ ამ ოთხეულის აზრი, ჩვენ კიდევ უფრო მეტნი გავხდებით. ამ დღეებში იგეგმება ჩვენი გაფართოებაც, კიდევ უფრო მეტია ჩვენი გულშემატკივარი საქართველოს მოქალაქეებში.

კვლევებსაც თუ დააკვირდებიან, რომელსაც ჩვენ არ ვენდობით ბოლომდე, იქაც კარგად ჩანს, მათი დასაყრდენი რა დღეშია, რომელსაც პულსიც არ ესინჯება, ამ რადიკალურ ოპოზიციას, მათი დასაყრდენი ვინც არის საქართველოში. ვისზე აკეთებენ აქცენტს? პირდაპირ ესაუბრონ საქართველოს სახელმწიფოს. ვისაუბროთ ინსტიტუციების გაძლიერებაზე, მაგრამ ეს ორმაგი სტანდარტი უნდა დამთავრდეს. საქართველოში გადაწყვეტილების მიმღები არის საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა, როგორც საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა, მაქსიმალურად ინფორმირებული, მიიღებს გადაწყვეტილებას. კეთილი ინებოს და ყველა აქტორმა, ეს იქნება ჩვენი პარტნიორი, საელჩო, ევროპარლამენტი, თუ ევროკავშირი, პატივი სცეს კონსტიტუციას, პატივი სცეს აქ არჩეულ ხელისუფლებას და ამ კონსტიტუციის მეთოდებით და ამ წესებით ვიხელმძღვანელოთ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.