“უკრაინა იბრუნებს თავის ქვეყანას”: ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში უკრაინის არმიის უკიდურესად წარმატებული შეტევისა და ხარკოვის მიმდებარე რეგიონიდან რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ, ბევრი უკვე საუბრობს ომის შესაძლო შემობრუნების შესახებ – ამ შეფასებას ნატო არ იზიარებს.
ეს დასკვნა გამომდინარეობს კვირის დასაწყისში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ სიტუაციის კონფიდენციალური შეფასებიდან. ნაშრომი ხელმისაწვდომია Business Insider-ისთვის.
„უკრაინის ჯარებმა უკან დახიეს რუსული ძალები აღმოსავლეთში და ასევე ახდენენ მათზე ზეწოლას სამხრეთში, მაგრამ ომი ჯერ კიდევ შორს არის დასრულებისგან“, – ნათქვამია მოხსენებაში.
ნატოს სადაზვერვო დეპარტამენტის ანალიზის თანახმად, რუსეთი გააგრძელებს შეტევას დონბასში, „ხარჯებისგან დამოუკიდებლად“. ამაში იგულისხმება ის, რომ რუსები აძლიერებენ ბრძოლას, განსაკუთრებით, ჩვეულებრივი იარაღით და ეწევიან უკრაინის ინფრასტრუქტურის განადგურებას. სამაგიეროდ, უკრაინის ამასწინანდელმა შეტევამ “მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა რუსეთის ლოჯისტიკაზე”, ნათქვამია დოკუმენტში.
“რუსული და უკრაინული ჯარები არ გადაუხვევენ თავიანთი სამხედრო და პოლიტიკური მიზნებიდან, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერც ერთი მხარე ვერ მიაღწევს გადამწყვეტ უპირატესობას”, – ვარაუდობენ ნატოს ექსპერტები.
მართლაც, რუსეთი და უკრაინა ამჟამად ძალიან შორს არიან შესაძლო დარეგულირებისგან. გასულ ოთხშაბათს კრემლმა უკრაინის მიერ წარმოდგენილი უსაფრთხოების გარანტიების კონცეფცია რუსეთისთვის საშიშროებად შეაფასა და ამ ფონზე კიდევ ერთხელ გაამართლა ომი მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ. უკრაინა კვლავ მიზნად ისახავს ნატოში გაწევრიანებას, – განუცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსს. „შესაბამისად, ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე დიდი საფრთხე რჩება [უკრაინის ნატოში მიღება] და სამხედრო სპეცოპერაციის აუცილებლობის მიზეზი აქტუალურობას ინარჩუნებს – დიახ, კიდევ უფრო აქტუალურია“, – ამბობს 54 წლის პესკოვი.
რუსეთის პოზიცია კონცეფციასთან დაკავშირებით ნეგატიურია, ამ დროისთვის უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს ვერავინ მისცემს, გარდა თავად უკრაინის ხელმძღვანელობისა, მაგრამ ამისათვის ისინი ისე უნდა მოიქცნენ, რომ რუსეთმააღარ იგრძნოს საფრთხე,- ხაზგასმით აღნიშნა მან.
რუსეთი სპეციალურ ოპერაციად წოდებულ ომს მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ, პირველ ყოვლისა, საკუთარი უსაფრთხოების გამო შეშფოთებით ხსნის. მოსკოვში ასევე საუბრობენ “პრევენციულ დარტყმაზე”, რომელმაც აღკვეთა უკრაინის თავდასხმა რუსეთზე. მთლიანობაში, მოსკოვი უკრაინის ნატოში პოტენციურ გაწევრიანებას საკუთარი უსაფრთხოების საფრთხედ მიიჩნევს.