სერგი კაპანაძე: ქვეყანაში დიდი უკმაყოფილებაა

NDI-ის კვლევა აჩვენებს, რომ ქვეყანაში არსებულმა უკიდურესად პოლარიზებულმა მდგომარეობამ საზოგადოებაში ჩამოაყალიბა ძალიან დიდი იმედგაცრუების გრძნობა -ამის შესახებ ორგანიზაცია „გრასის“ დამფუძნებელმა, სერგი კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

„ჩემი აზრით კვლევა აჩვენებს იმას, რაც ყველამ კარგად იცის. ქვეყანაში არსებულმა ამ უკიდურესად პოლარიზებულმა მდგომარეობამ, რომელიც არის შედეგი განადგურების პოლიტიკის, რომელიც ხელისუფლებამ აირჩია ყველა ოპონენტის მიმართ, საზოგადოებაში ჩამოაყალიბა ძალიან დიდი იმედგაცრუების გრძნობა. ამ მიდგომის შედეგად, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს არჩეული, არც მათი პოლიტიკით არ არის კმაყოფილი ხალხი და რა თქმა უნდა, არც ოპოზიციის ქმედებებით არ არის კმაყოფილი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს დაპირისპირება, სამკვდრო- სასიცოცხლო ბრძოლა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ცდება საზოგადოების უმრავლესობის ინტერესებს და არ არის ფოკუსირებული საზოგადოების მთავარ მოთხოვნებზე. იქ იყო თუ რა არის მთავარი თემები, ეკონომიკა, ინფლაცია, სიღარიბე, ამაზე არ არის ფოკუსირებული, ამიტომ მოსახლეობას აქვს განცდა, რომ მათ პრობლემებზე პოლიტიკური სპექტრი და პოლიტიკური ელიტა არ საუბრობს და ამისი გამოძახილია სწორედ ეს კვლევა.

ყველაფერში ჩანს, რომ ქვეყანაში არის ძალიან დიდი უკმაყოფილება, მაგრამ ეს უკმაყოფილება არ ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად იზრდება რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიმართ სიმპათია.

შეიძლება ცინიკურად ჟღერს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს სურათი აწყობს „ქართულ ოცნებას“. ხელისუფლებას, რომელსაც ბერკეტები აქვს, რომელიც ორიენტირებულია პოლარიზებაზე, რომელსაც შეუძლია ოპონენტები გაანადგუროს, მედიები დახუროს, ასეთ აპათიურ მდგომარეობაში მყოფ საზოგადოებას უკეთესად მართავს ანუ უკეთ მანიპულირებს. ალბათ ასე თვლიან, რომ უფრო აქვთ შანსი, რომ ამის მერე საარჩევნო შედეგები მათთვის იყოს უკეთესი. მთელი მათი პოლიტიკა იმაზეა სწორედ მიმართული, რომ არა ხალხის პრობლემებზე ისაუბროს, არამედ შექმნას მტრის ხატი და აჩვენოს, რომ სხვები არიან უარესები“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.