ოპოზიციას ისედაც ხომ დაბალი მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ისიც იმიტომ აქვს, რომ ხალხი ხელისუფლების წინააღმდეგ აძლევს ხმას, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა “შინ ევროპისკენ” ერთ-ერთი ლიდერი შოთა დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ეს იმიტომ ხდება, რომ საარჩევნო კამპანიები აგებულია ოპონენტების ლანძღვაზე და არა მოქალაქეებისთვის პოზიტიური დღის წესრიგის შეთავაზებაზე.
“NDI-ის მიხედვით, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა უმეტესობა (63%) მიიჩნევს, რომ ოპოზიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს.
ანუ ჯერ ხო ისეთი დაბალი მხარდაჭერა აქვთ, მკვლევარები ამბობენ დასკვნებისთვის არასაკმარისიაო და ის მხარდაჭერაც, რაც აქვთ, მეტწილად იქედან გამომდინარე აქვთ, რომ ხალხი ხელისუფლების წინააღმდეგ აკეთებს არჩევანს.
ჩემი აზრით ეს იმიტომ ხდება, რომ წინასაარჩევნო კამპანიები (თუ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე დაწყებულ ფაფხურს და “ბაზარში გასვლებს” კამპანიები შეიძლება დაერქვას) მეტწილად ოპონენტის ლანძღვაზეა აწყობილი და არა მოქალაქეებისთვის რაიმეს შეთავაზებაზე.
და არა, არანაირ “პოზიტიურ დღის წესრიგს” და შეთავაზებას ძალა არ ექნება, თუ ქვეყნის და მოქალაქეების ხანგრძლივ და რთულ გამოწვევებს ორ კვირაში ფაუერფოინთში შეკოწიწებული გრანდიოზული “ხსნის გეგმებით” ვუპასუხებთ.
საპარლამენტო არჩევნებიდან 2 წელი გავიდა, 2 წელი დარჩა და ოპოზიცია იქ არის, სადაც 2+ წლის წინ იყო. ათწლეულებია მოქალაქეებს ერთი და იგივე კითხვები გვაქვს, რომლებსაც მხოლოდ “ვადამდელი” ვერ პასუხობს,” – წერს შოთა დიღმელაშვილი.