ანრი ოხანაშვილი: რომ დავაკვირდეთ რა ხდება ოპოზიციაში – მას თავისი ამომრჩეველი ეძებს და ფაქტია, რომ ვერ პოულობს

რომ დავაკვირდეთ რა ხდება ოპოზიციაში – მას თავისი ამომრჩეველი ეძებს, ფაქტია ოპოზიციას თავისი ამომრჩეველიც ვერ პოულობს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის ჩვენი მოქალაქის ინტერესმა აქტუალობა დაკარგა.

„ოპოზიცია არ ინტერესდება ჩვენი საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხებით. მაშინ, როდესაც არაერთი გამოწვევა გვაქვს, რაზეც ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. ამის პარალელურად ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ ტურიზმის მიმართულებით. საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, ამაზე მეტყველებს ის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც გვაქვს.

ახლა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ყოფა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. ამის საპირისპიროდ, რადიკალური ოპოზიცია საქმეზე არ საუბრობს. მათთვის ჩვენი მოქალაქის ინტერესმა აქტუალობა დაკარგა. როდესაც პარტია კარგავს მოქალაქესთან წვდომას, იქ უკვე ჩნდება დიდი უფსკრული.

ისინი დღემდე თავიანთ განცხადებებში რადიკალურ პოზიციებს აფიქსირებენ. ერთია მათი განცხადებები და მეორე – რა რესურსი აქვთ მათ ამ ყველაფრისთვის. ის მოცემულობა, რომ მათ ზურგი აქციეს ჩვენს მოქალაქეებს, თავის ამომრჩეველს მიუთითებს, რომ მათი განცხადებები განცხადებებად რჩება“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.