ირაკლი კობახიძის დედამ „ტვ პირველს“ სასამართლოში უჩივლა

მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დედამ თამარ ზაალიშვილმა ტელეკომპანია „პირველს“ სასამართლოში უჩივლა.

კობახიძის დედა „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას და კომპენსაციას ითხოვს.

თამარ ზაალიშვილი იმ სიუჟეტის შინაარსის შესახებ დავობს, რომელიც ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული წლის ივლისში გავიდა.

სიუჟეტის ავტორი, ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე ჰყვებოდა, რომ სავარაუდოდ, თეატრალური უნივერსიტეტი ყალბ დიპლომებს გასცემდა.

„დოკუმენტებში ქექვამ და უნივერსიტეტიდან გაცემული დიპლომების შესწავლამ გააჩინა გონივრული ეჭვი, რომ თეატრალური უნივერსიტეტის ბეჭედდასმული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტები სინამდვილეში ფარატინა ქაღალდებია… ყველას სტუდენტს ერთი რამ, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი აერთიანებთ, უფრო სწორად, ეგონათ, რომ აერთიანებდათ, ვიდრე არ გაირკვა, რომ უმაღლეს სასწავლებელში 4 წელი ტყუილად იარეს“, – ამბობდა მაკა ჩიხლაძე სიუჟეტში.

მაკა ჩიხლაძის ერთ-ერთი რესპონდენტიამ უნივერსიტეტის რექტორის ყოფილი მოადგილე იყო, რომელიც უწყებების დუმილის მიზეზად პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დედას თამარ ზაალიშვილს ასახელებდა.

თამარ ზაალიშვილი „იმედინიუსთან“ საუბარში ამბობს, რომ სიუჟეტში მოყვანილი ფაქტები სიცრუეზე იყო აგებული, რომლებიც მიზანმიმართულად დაამახინჯეს, თითქოს მან თეატრალური უნივერსიტეტის მიერ გაცემული ყალბი დიპლომის ნამდვილობა ხელმოწერით დაადასტურა.

როგორც თამარ ზაალიშვილი აცხადებს, ცრუ ინფორმაციის გავრცელება მისი და მისი შვილის ირაკლი კობახიძის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენება იყო.

აღნიშნულ საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილება 20 სექტემბერს უნდა გამოცხადდეს.