“მთელ მსოფლიოს და თანამედროვე ცივილიზაციას უკრაინას არავინ არ გადააყოლებს, ეს სისულელეა” – სოსო ცინცაძე

“მთელ მსოფლიოს და თანამედროვე ცივილიზაციას უკრაინას არავინ არ გადააყოლებს, ეს სისულელეა” – რა ვერსიები აქვს სოსო ცინცაძეს?.

– ბევრი ფიქრობდა, რომ დასავლეთს მობეზრდებოდა უკრაინის სამხედრო დახმარება და ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ეს დახმარება მიზერული, სიმბოლური გახდებოდა. 6 თვე გავიდა და იზრდება უკრაინის არა მხოლოდ სამხედრო დახმარება.

– კი, ბევრი ევროპელი ექსპერტი ვარაუდობდა, რომ რუსული გაზი ამ ომში გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდებოდა და დასავლეთი მიატოვებდა უკრაინას. პირიქით მოხდა. ზამთარი კარს მოადგა ევროპას, მაგრამ მაინც უზრდის უკრაინას დახმარებას. აგერ, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უზრდის სამხედრო დახმარებას და ამას არავინ ელოდა. გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ევროპა რუსულ ენერგომატარებლებზე დიდწილად დამოკიდებილი გახდა. შოლცს და მის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას არჩევნები აქვსთ, ჩვენში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს რომ ეძახინ, იმის მსგავსი – გერმანიის მიწების მუნიციპალური არჩევნები. ხალხის მოთხოვნას ითვალისწინებს შოლცი და ხალხის მოთხოვნა ის არის, რომ გერმანია უკრაინას დაეხმაროს. შოლცი ხალხის დაკვეთას ასრულებს და ტყუილად ხარობდნენ ისინი, ვინც ფიქრობდნენ, რომ გერმანელები გაზს ანაცვალებდნენ, მე ასე ვიტყოდი, გერმანიისა და მთელი დასავლეთის სტრატეგიულ მიზანს – სულ მცირე, რუსეთის დასუსტებას იმდენად, რომ ევროპის ნებისმიერი ქვეყნის დაპყრობის სურვილი გაუქრეს, საამისო სამხედრო და პოლიტიკური რესურსი აღარ გააჩნდეს. აგერ, ამერიკაში, მგონი, კვირა არ გავა, პრეზიდენტმა ბაიდენმა მილიარდები არ გამოყოს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის. ამ ფულით შეკვეთებს აძლევენ ამერიკულ სამხედრო ქარხნებს და მერე ეს იარაღი და ამუნიცია მიდის უკრაინაში. ამ დღეებში 11 მოდერნიზებული, ნატო-ს სტანდარტების მიგ-29 მიიღო სლოვაკეთიდან უკრაინამ და კიდევ აპირებს სლოვაკეთი ამ ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. უკრაინაში პარტიზანული მოძრობა ახლა იკრებს ძალას. ბევრი ფიქრობდა, ეს გაზაფხულის დადგომისთანავე დაიწყებოდა. ასე არ მოხდა, რადგან ჯერ ერთი, მომავალი პარტიზანები კარგად მოამზადეს, მერე, ძალიან შეუმჩნევლად და ეფექტურად მოქმედებენ უკრაინელი პარტიზანები. მათ მოკლეს უკრაინის რადას დეპუტატი, ევგენი კოვალიოვი, რომელიც ზელენსკის პარტიიდან მოხვდა რადაში. ხერსონის პოლიციის უფროსი მოკლეს, ხერსონის მერი ააფეთქეს, მაგრამ გადარჩა. ახლა, როგორია, სამმაგი ზღუდე აქვს ქალაქს შემორტყმული, იქ შეიპარო, ამხელა თანამდებობის პირები დახოცო, ააფეთქო და უვნებლად გამოაღწიო იქიდან? ფაქტია, უკრაინელი პარტიზანები კარგად მუშაობენ.

– უკრაინა საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებას აპირებს. ეს თუ მოხდა, რა შეიცვლება?

– გააჩნია, როგორ ჩატარდება საყოველთაო მობილიზაცია. ბევრ უკრაინელს არ უნდა ომში წასვლა, ბევრი უცხოეთში გაიქცა, ბევრი ემალება კომისარიატების წარმომადგენლებს, სახლიდან არ გამოდიან, კარებს არ უღებენ, რომ გაწვევის ბარათი არ ჩაიბარონ. თუ ეს ბარათი პირადად არ ჩაიბარა წვევამდელმა, ჯარში ვერ წაიყვან. ზელენსკი ცდილობს, ეს საკითხი კანონიერად და ცივილიზებულად მოაგვაროს. თუ მობილიზაციამ ნორმალურად ჩაიარა, მაშინ ეს შეიძლება გადამწყვეტი ფაქტორიც აღმოჩნდეს ამ ომში. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ომები უკონტაქტოა, ცოცხალ ძალას მაინც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. გერმანიამ რატომ წააგო მეორე მსოფლიო ომი? ცოცხალი ძალის რესურსი აღარ ჰქონდა ბოლოს, მთელი მსოფლიო ჰიტლერს ებრძოდა. ბავშვები, „ჰიტლერიუგენდის“ ქვედანაყოფები მარტო ომში კი არ ჩართო, პირდაპირ ფრონტის წინა ხაზზე გაუშვა, ისე გაუჭირდა. კი, თუ რუსეთი დამარცხების საშიშროების წინაშე დადგა, მაშინ ისიც გამოაცხადებს მობილიზაციას, მაგრამ ეს უკვე იმის აღიარებას ნიშნავს, რომ უკრაინასთან ომი აქვს და ეს არ არის სამხედრო სპეცოპერაცია, როგორც ამას თავიდანვე უწოდებს. ვინმემ რუსეთში რომ თქვას, ომი გვაქვს უკრაინასთანო, მაგაზე 8 წელი ციხეა. თუ პუტინმა სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა, დიდი შანსია, ეს მისი დასასრული გამოდგეს. რუსები გაგიჟდებიან, როგორ, უკრაინასთან ომი და სრული სამხედრო მობილიზაცია დაგვჭირდა და ისე ვერ ვუგებთო? პუტინის რეიტინგი დაეცემა და ურეიტინგო მთავარსარდალი არავის აღარ უნდა – შესაძლოა, გადატრიალება მოუწყონ და ჩამოაცილონ ხელისუფლებას, შესაძლოა, მოკლან კიდევაც. აი, ხომ არადემოკრატიული, ავტოკრატიული ქვეყანაა რუსეთი და მმართველ ელიტას, უკაცრავად და, ხალხი ფეხებზე ჰკიდია, მხოლოდ არჩევნებიდან არჩევნებამდე ახსენდება. მიუხედავად ამისა, ამ, ომის ვითარებაში გადამწყვეტი სიტყვა მაინც ხალხს ეკუთვნის. თუ პუტინი მოიძულეს, მაშინ რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ელიტა, ხალხის განწყობის შესაბამისად იმოქმედებს და პუტინს ძალაუფლებას ჩამოართმევენ. აი, ეგეთი უცნაური ხალხია რუსები. ყველაფერს შეეგუებიან, მაგრამ სამხედრო მარცხს – არა. ამ ვითარებაში პუტინს აწყობს ნატო-ს ჩათრევა ომში, რადგან ნატო-სთან მარცხი არ არის ისეთი დიდი სირცხვილი, როგორც ნატო-ს იარაღით მებრძოლ უკრაინელებთან. ეს, შესაძლოა, გადაყლაპოს ხალხმა. თუმცა, აქამდეც არ მივა საქმე. თუ ნატო ჩაერთო ომში, რუსეთი მარცხისთვის განწირული იქნება. პუტინი მერე ადგება და ბირთვული ომის დაწყებით დააშანტაჟებს დასავლეთს. ეს როცა რელობა გახდება, ხალხი როდესაც ბოლომდე გაიაზრებს ბირთვული ომის შესძლო შედეგებს, ამის მერე მთელი ევროპა გამოვა ქუჩაში, გაიმართება მრავალმილიონიანი საპროტესტო აქციები ევროპის ქვეყნებში, ამერიკაში, კანადაში, ყველგან, ვინც რუსეთს ებრძვის და ხალხი მოითხოვს დაუყოვნებლივ ომის შეწყვეტას და შეწყდება კიდეც. მთელ მსოფლიოს, თანამედროვე ცივილიზაციას უკრაინას არავინ გადააყოლებს, ეს სისულელეა. სიღრმისეული ანალიზია ახლა საჭირო. ამერიკელებმაც და ევროპელებმაც იციან, რომ ეს შესაძლოა მოხდეს და არავის უნდა, პუტინს ატომის გარდა ომში სხვა ბერკეტი არ დაუტოვოს. პუტინს სიკვდილი ურჩევნია დამარცხებას. მოდი, ნუ დავივიწყებთ, რომ პუტინი“ ჩეკისტია“, ამ ხალხს კი სხვანაირი სისხლი აქვთ. არც მარცხს არიან მიჩვეულნი და სამშობლოს სამსახურში ყოფნისას, ბევრჯერ ჩაუხედავთ სიკვდილისთვის თვალებში. პატრიოტები არიან, პირდაპირ ვთქვათ. პუტინიც ასეთია და მოდი, ამას ნუ დავუკარგავთ, მიუხედავად იმისა, არც მე მეხატება გულზე და ვიცი, არც შენ.

– თუ ასე მოხდა, უკრაინას დაუთმობენ რუსეთს?

– არა, არ დაუთმობენ, მაგრამ ზავი დაიდება და რუსეთი რაღაცას მიიღებს. რას არ ვიცი, მაგრამ ხელცარიელს არ გაუშვებენ. ერთი შემიძლია ვთქვა, ყირიმს არ დათმობს პუტინი, ყირიმი საკრარული მნიშვნელობის მხარეა რუსეთისთვის. შესაძლოა, სტამბულის მოლაპარაკებების დროს რასაც ითხოვდა რუსეთი, ის მისცენ – დონბასი და ხერსონი. შესაძლოა, მხოლოდ დონბასი დაუტოვონ და ხერსონი მისცენ უკრაინას რუსებმა. გააჩნია, იმ დროს რა ვითარება იქნება ფრონტზე, რუსეთს უკრაინის მიწების რა რაოდენობა ექნება დაპყრობილი. სერიოზული ამერიკელი ექსპერტების მოსაზრებებია, რომ შესაძლოა, როგორც რიჩარდ ნიქსონი და მაო ძედუნი დადგნენ ერთ მხარეს და საბჭოთა კავშირს დედა უტირეს, კიდევ მოხდეს ასეთი რამ.

– არის რეალური შანსი, რომ ჩინეთი ამერიკის გვერდით დადგეს რუსეთის წინააღმდეგ?

-კი, როგორ არ არის. ჩინეთი თითქოს რუსეთის მომხრეა, გარეგნულად და არც ძალიან იწუხებს თავს მისი დახმარებისათვის. რუსეთისგან ნავთობს კი ყიდულობს, მაგრამ 50-იანი ფასდაკლებით. ახლა ნახევარ ფასში ვინ არ იყიდის? მტერიც კი იყიდის. სამხედრო დახმარება სთხოვა რუსეთმა ჩინეთს და ერთი სახის სამხედრო კომპონენტი არ მისცა ჩინეთმა. დასავლეთს უნდა რუსეთის დაშლა და არც ჩინეთი იტყვის უარს ამაზე. თუმცა, ერთი ფაქტორია. 16 000 ბირთვული მუხტი აქვს რუსეთს, 22 რესპუბლიკა შედის რუსეთის ფედერაციაში და რომ დაიშალოს, ვის ხელში ჩავარდება ეს ატომური ბომბები, კაცმა არ იცის. რამდენი ბირთვული სახელმწიფო წარმოიქმნება რუსეთის ფედერაციის ადგილას და ვინ საით, ვის მხარეს აღმოჩნდება, წინასწარ არავინ იცის. ეს ადარდებს დასავლეთს, თორემ უფრო ხისტი იქნებოდა რუსეთის მიმართ.

– შეიძლება მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს?

– მესამე მსოფლიო ომი შესაძლოა, არავის არ უნდოდეს და მაინც დაიწყოს. მოუხედავად იმისა, რაც ზემოთ ვისაუბრეთ, რა ვერსიებიც განვიხილეთ, მე მაინც ვფიქრობ, რომ დასავლეთი უკრაინის დამარცხებას არ დაუშვებს. პოლონეთი უკვე მზად არის, ომში ჩასართავად. ნატო, შესაძლოა, ჩაერთოს, ყველაფერს ველოდები. ცხადია, ეს უკვე მესამე მსოფლიო ომი იქნება. არც 1-ლი მსოფლიო ომი უნდოდა ვინმეს, მაგრამ დაიწყო. გერმანიის კაიზერი და პრუსიის მეფე, ვილჰელმ მე-2 და რუსეთის იმპერატორი, ნიკოლოზ-მე-2 ალალი ბიძაშვილები იყვნენ. წერილებს რომ სწედნენ, ჩემო ვილი და ჩემო ნიკიო, ასე მიმართავდნენ ერთმანეთს და მერე მოწინააღმდეგე სამხედრო ალიანსებში აღმოჩნდნენ რუსეთი და გერმანია და ერთმანეთს ეომებოდნენ ბიძაშვილები.

წყარო: alia.ge