მაკრონის პარტიამ სახელი, სტატუსი და სტრუქტურა შეიცვალა

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ დაარსებულმა მმართველმა პარტიამ “La République en Marche” სახელი შეიცვალა და ახლა “Renaissance” ჰქვია და ასევე, გაერთიანდა ორ პატარა პარტიასთან – “Agir, la droite structive” და “Territoire de Progres”. შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს პარიზში გამართულ კონგრესზე.

ყრილობის მონაწილეთა დაახლოებით 87 პროცენტმა მხარი დაუჭირა სახელის შეცვლას, ასევე სტატუსის შეცვლას – პოლიტიკური მოძრაობის გზიდან უფრო ტრადიციულ პარტიულ წესდებამდე.

“ეს არის ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაციის ახალი ეტაპის დასაწყისი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ელიზაბეტ ბორნმა კონგრესზე. “დღეს ჩვენ გადავშალეთ ახალი გვერდი ჩვენს პოლიტიკურ ისტორიაში”, – დასძინა მან.

პარტია თავის მიზნებად აცხადებს ბრძოლას კლიმატის ცვლილებასთან, რაც დამკვირვებლების აზრით, მოითხოვს გაბედულ და რადიკალურ გადაწყვეტილებებს, ასევე მოსახლეობის მაქსიმალური დასაქმების უზრუნველყოფას. ფრანგული საზოგადოება უნდა გახდეს უფრო სამართლიანი, უნდა გაუმჯობესდეს ხელმისაწვდომობა განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებზე, მიიჩნევს პარტია. მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა პარიზის კურსის ევროპულ პოლიტიკასთან დაკავშირების მნიშვნელობა. “ძლიერი ევროპის გარეშე, არ არსებობს ძლიერი საფრანგეთი”, – თქვა მან.

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების შემდეგ, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ირგვლივ ჩამოყალიბებულმა კოალიციამ “ერთად!” 20 ივნისს მიიღო 245 მანდატი და დაკარგა აბსოლუტური უმრავლესობა ეროვნულ ასამბლეაში (პარლამენტის ქვედა პალატა).

მთავარმა კონკურენტმა – მემარცხენე ბლოკმა “ახალი სახალხო ეკოლოგიური და სოციალური გაერთიანება”, ჟან-ლუკ მელაშონის ხელმძღვანელობით, მეორე ადგილი დაიკავა და საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატაში 131 ადგილი მიიღო.

მარინ ლე პენის “ეროვნულმა გაერთიანებამ” 89 მანდატი მოიპოვა. ამან მემარჯვენე პოპულისტებს საშუალება მისცა, შეექმნათ საკუთარი ფრაქცია ეროვნულ ასამბლეაში.

მემარჯვენე ცენტრალურმა რესპუბლიკურმა პარტიამ 61 მანდატი მოიპოვა.