აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ სომხეთში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ გმობს “აზერბაიჯანის უკანონო და სასიკვდილო თავდასხმებს” სომხეთის სასაზღვრო ტერიტორიაზე, იტყობინება Reuters.
“ჩვენ, კონგრესის სახელით, მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის სამშვიდობო შეთანხმებების განხორციელების პერსპექტივებს”, – ხაზგასმით აღნიშნა მან და თავდასხმას “სომხეთის სუვერენიტეტის ხელყოფა” უწოდა. საომარი მოქმედებები, მისი თქმით, “აზერბაიჯანის მიერ იყო ინიცირებული და ეს უნდა იქნეს აღიარებული”.
სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა გუშინ განაცხადა, რომ პელოსის ვიზიტი “დიდ როლს ითამაშებს სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში”. საზღვარზე ესკალაცია 13 სექტემბრის ღამეს დაიწყო. ბრძოლების შედეგად 230-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ერევანმა ბაქო დაადანაშაულა სასაზღვრო ქალაქებისა და სოფლების დაბომბვაში. ბაქომ განაცხადა, რომ დაბომბვა იყო პასუხი ერევნის “მასშტაბურ პროვოკაციაზე”. 16 სექტემბერს სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ედვარდ ასრიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები შეიჭრნენ ქვეყნის ტერიტორიაზე და 7,5 კილომეტრით დაწინაურდნენ სასაზღვრო ქალაქ ჯერმუქის მიმართულებით.
სომხეთმა დახმარებისთვის ოფიციალურად მიმართა რუსეთს და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) წევრ ქვეყნებს. საპასუხოდ, CSTO-მ გადაწყვიტა გაეგზავნა თავისი მისია “დღევანდელი სიტუაციის შესაფასებლად”. 15 სექტემბრის ღამეს მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას ზავის შესახებ, განაცხადა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა.