კახა ქემოკლიძე: ჯერ გვაინტერესებს რა იქნება ეს მოძრაობა, ზოგადად ერთობას ერთიანობას მივესალმებით, ოღონდ საზოგადოების და არა პოლიტიკოსების

ჯერ გვაინტერესებს რა იქნება ეს მოძრაობა, ზოგადად ერთობას ერთიანობას მივესალმებით, ოღონდ საზოგადოების და არა პოლიტიკოსების, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ქემოკლიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ჩვენ უპირველეს ყოვლისა გვაინტერესებს, ჯერ ეს მოძრაობა რა იქნება. ჩვენ ძალიან სკურპულოზურად ვსწავლობთ ხოლმე და ამის შემდეგ ვიღებთ ხოლმე გადაწყვეტილებას. ზოგადად ჩვენ მივესალმებით ერთობას და ერთიანობას, მაგრამ პოლიტიკოსების კი არა, არამედ საერთოდ – საზოგადოების. ქართული ოპოზიციის, ისევე როგორც საზოგადოების პრობლემა არის ის, რომ ჯერჯერობით მაგიდაზე არ დევს ძლიერი ნარატივი. ეს შეიძლება იყოს, რაღაც ზეპარტიული საკითხი.

ევროკავშირში გაერთიანებაც არ არის კარგად ახსნილი საზოგადოებისთვის, იმ ადამიანისთვის, რომელიც სადღაც რეგიონში ცხოვრობს, დილით 6 საათზე დგება და საღამოს 8 საათზე შედის სახლში, მისთვის არ არის ახსნილი კარგად, რა შეიცვლება მისთვის. ამ ადამიანების გონება ადვილად მანიპულირებადია ამ პროპაგანდის ნიაღვარით. ერთ-ერთი გამოსავალი ესეც არის, რომ ვესაუბროთ ამაზე და ასევე მნიშვნელოვანია ძლიერი ნარატივის შექმნა, რაც ქართველებს ძალიან მოგვენატრა,” – თქვა კახა ქემოკლიძემ.