მამუკა მდინარაძე – არ არსებობს “ლელო”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “დროა” და “გირჩი”, არსებობს ერთი პარტია “ნაცმოძრაობა“

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, არ არსებობენ პარტიები: “ლელო”, “სტრატეგია აღმაშენებელი” , “დროა” და “გირჩი”, არსებობს ერთი პარტია “ნაციონალური მოძრაობა” .

როგორც მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ცალკე იქნებიან თუ ერთად, ისინი ერთნი არიან და აკეთებენ საქმეს, რასაც საქართველოს საწინააღმდეგო საქმე ჰქვია.

ამასთან, მდინარაძის თქმით, ისინი ქვეყნის შიგნით ვერ ავნებენ ხელისუფლებას და პირიქით “ქართული ოცნების” რეიტინგი გაზრდილია, თუმცა ცუდია, რომ ისინი აზიანებენ საქართველოს საერთაშორისო იმიჯს.

“ამ პარტიებს ერთ პარტიებად მოვიხსენიებთ. ისინი არიან “ნაციონალური მოძრაობის” განშტოებები. მაინც ერთად არიან, მაინც ერთ პლატფორმაზე არიან, მაინც “ნაციონალური მოძრაობის” საქმეს აკეთებენ და დავალებებს ასრულებენ, გადაწყვიტეს, რომ ერთად იმოქმედონ , სულ ეს არის .რეალურად არ არსებობს ასეთი პარტიები: არც “ლელო”, არც “სტრატეგია აღმაშენებელი” , არც “დროა” და არც “გირჩი”, არსებობს ერთი პარტია “ნაციონალური მოძრაობა” , რომელიც ასრულებს დავალებებს საქართველოს წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ცალკე იქნებიან თუ ერთად იქნებიან, მაინც ერთნი არიან და აკეთებენ საქმეს, რასაც საქართველოს საწინააღმდეგო საქმე ჰქვია. ქვეყნის შიგნით, რასაც ისინი აკეთებენ ვერაფრით ვერ ავნებენ ხელისუფლებას, პირიქით “ქართული ოცნების” რეიტინგი არის გაზრდილი, ეს IDI – ის და CRS კვლევებმაც აჩვენა. ცუდია ის, რომ ქვეყნის გარეთ ზიანდება საქართველოს მოქალაქის და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი. ისინი აზიანებენ საქართველოს ქვეყნის გარეთ, ეს არის ქვეყნის მტრობა და უსამშობლობა”,- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, “ ლელოს”, “გირჩი – მეტი თავისუფლებას”, “სტრატეგია აღმაშენებლის” და “დროას” შესაძლო გაერთიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დღეს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საუბარი არ არის კოალიციის შექმნაზე, არამედ საუბარია პროევროპულ მოძრაობაზე, რომლის ფარგლებშიც ყველა პროდასავლურმა ძალამ უნდა ითანამშრომლოს.